მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

6279646f9b646
ნინო ტაბატაძე
10.05.22 19:10
4162

საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. მაისის პირველ 5 დღეში საექსპორტო ბაზრებზე უკვე 31 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიაა გატანილი. ამავე პერიოდში კი, იმპორტი არ განხორციელებულა.  ექსპორტის უდიდესი წილი - 22.9 მლნ კვტ/სთ თურქეთში გავიდა. 8.05 მლნ კვტ/სთ კი სომხეთს მიეწოდა.

ელექტროენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, მაისში საქართველო 322.4 მლნ კვტ/სთ-ის გატანას გეგმავს, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე (67.6 მლნ კვტ/სთ) 4.7-ჯერ მეტი იქნება. საექსპორტო თვედ ასევე მოიზრება ივნისიც, როდესაც ქვეყნიდან 224.3 მლნ კვტ/სთ-ს გატანა არის პროგნოზირებული. ჯამში, წელს უცხოეთში 564.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება.

როგორც BMG გასულ კვირას უკვე წერდა, თურქეთმა საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის კვოტა გაუზარდა. თურქეთის სისტემის ოპერატორთან მოლაპარაკებების შედეგად თურქეთში საქართველოდან ექსპორტისთვის დაშვებული ელექტროენერგიის მაისის თვის კვოტა, რომელიც 150 მეგავატს შეადგენდა, 75 მეგვატით გაიზარდა. კვოტის გაზრდა ქმნის იმის წინაპირობასაც, რომ გენერაცია აღარ შეიზღუდოს და ენერგოკომპანიებმა ჭარბი წყალი აღარ დაღვარონ.

„გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მარტ-აპრილში თურქეთში ფასი 10-11 ცენტამდე არის ასული. ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიაზე ასეთი მაღალი ფასი არ ყოფილა.