22.სექტემბერი .2020 09:00

საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის 49% საქართველოში დამზადებული არაა

views 686
უკან

საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის 49% საქართველოში დამზადებული არაა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის მთლიანი მოცულობა $2.07 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. აქედან, 24.5%-ით იკლო რეექსპორტმა, ადგილობრივი ექსპორტი კი 2.7%-ით შემცირდა და $1.06 მილიარდი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 29.7%-ით, $144.9 მილიონ დოლარამდე შემცირდა. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $121.5 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.5%), ხოლო $75.2 მლნ დოლარით მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%).

რაც შეეხება რეექსპორტს, აქ მისი კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ავტომობილების ექსპორტის კლებაა. 2020 წლის რვა თვეში საქართველოდან მხოლოდ $260 მილიონის მსუბუქი ავტომობილები გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 37%-ით ნაკლებია.

საქსტატის განმარტებით, ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივი საექსპორტო საქონლის 22.8% რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 11.2% თურქეთში გავიდა. საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა ბულგარეთი (ბაზრის 7.3%), სადაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი 81.2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს ბულგარეთში, ძირითადად, სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრანტები გავიდა. რაც შეეხება ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყანა საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, ადგილობრივ ექსპორტში ის მხოლოდ 3.9%-იანი წილით არის წარმოდგენილი.

საქსტატის ანგარიშში ადგილობრივი ექსპორტის სასაქონლო ჯგუფებზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის 6-ის ექსპორტი გაზრდილია. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში $75.2 მლნ ღირებულების ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები გავიდა, აღსანიშნავია, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული საქონლის ექსპორტი არ განხორციელებულა. ასევე, 52.1%-ით მეტი ქართული თხილი და კაკალი გავიდა უცხოეთში. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ოქროს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მისი ექსპორტი 30.7%-ით არის გაზრდილი.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა