მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი - წლის I ნახევარი

62dab14c65172
ეგნატე შამუგია
23.07.22 11:50
2677
საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ღიაობა ნიშნავს, რომ ქვეყანა ჩართულია საგარეო ვაჭრობაში და ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ ადგილობრივი წარმოება არ არის და ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნის ადგილობრივ მოხმარებასაც აკმაყოფილებს. შესაბამისად, რაც უფრო ღიაა ეკონომიკა, მით უფრო არსებითი წვლილი გააჩნია ეკონომიკური ზრდაში საგარეო ვაჭრობას. რეგიონიდან საქართველოს ყველაზე ღია ეკონომიკის სტატუსი გააჩნია. გლობალურად, ღიაობის მაჩვენებლით 200 ეკონომიკური ერთეულიდან 72-ე ადგილს იკავებს.
 
საქართველოს ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია - ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ექსპორტირებულს. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები სამეზობლოს ქვეყნებია, თუმცა „დიდი ჩაკეტვის“ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი გახდა. ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანა კი ისტორიულად მეზობელი ქვეყანა - თურქეთია.

ფიგურა 1: საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2022 წლის პირველი ნახევარი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებიდან აქტიური სავაჭრო ურთიერთობით გამოირჩევა, იმპორტი მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ ხორციელდება. იმპორტირებული საქონელის ნაწილი რე-ექსპორტისთვისაა. პანდემიამდე, თუკი 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 1 789.7 მლნ აშშ დოლარი იყო, აქედან მხოლოდ 62.1%, 1 111.5 მლნ აშშ დოლარია ადგილობრივი ექსპორტი. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტი 184.7 მლნ აშშ დოლარით იყო გაზრდილი, რაც რეექსპორტის ზრდას უკავშირდებოდა, რადგან ამ პერიოდში რეექსპორტის ღირებულება 191.7 მლნ აშშ დოლარით მეტი იყო, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 7.0 მლნ დოლარით ნაკლები.

ამდენად, საქართველოს მთლიან ექსპორტში რე-ექსპორტს არსებითი წილი უჭირავს და მისი ცვლილება მკაფიოდ აისახება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ინდიკატორებზე. „დიდი ჩაკეტვის“ პერიოდში კი ადგილობრივ ექსპორტსა და რე-ექსპორტს შორის თანაფარდობა შეიცვალა, რამაც ნაწილობრივ, ზემოთ ხსენებული, საექსპორტო ქვეყნების წილის ცვლილებაც განაპირობა, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ძირითადი საექსპორტო საქონლის წილში რეექსპორტია. მაგალითად, ასეთი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც 2019 წელს მთლიანად 284.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, მაგრამ მისი 74.4%, 211.3 მლნ აშშ დოლარი რე-ექსპორტი იყო. თავად რეექსპორტის 93.3% კი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომელიც საქართველოს რე-ექსპორტის ძირითადი საქონელია. თავად რე-ექსპორტისთვის საქონლის იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხორციელდება (მათ შორის, მცირე ნაწილი ლათინური ამერიკიდან).

ფიგურა 2: საქართველოს ექსპორტი მშპ-სთან მიმართებით, 2022 წლის პირველი ნახევარი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები*

გარდა სპილენძის მადნებისა, საქართველოდან სამეზობლოს ეკონომიკებში ავტომობილების, სამედიცინო საქონლის და სხვადასხვა ტექნიკის რეექსპორტი ხორციელდება. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანში რეექსპორტირდება. თუმცა, 2020 წლიდან სომხეთში ავტომობილების რე-ექსპორტი დრამატულად შემცირდა, რაც ამ პერიოდიდან ახალი საბაჟო რეჟიმის ამოქმედებამ განაპირობა. კერძოდ, სომხეთში ევროპიდან და ამერიკიდან მეორადი ავტომობილების იმპორტზე გადასახადი გაიზარდა, ხოლო საქართველოდან რეექსპორტი სწორედ ამ ორი ეკონომიკური ერთეულიდან შემოყვანილი ავტომობილებით ხორციელდება.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 2 558.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 672.6 მლნ აშშ დოლარით მეტია. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის ზრდა დიდწილად ადგილობრივ ექსპორტს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 501.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის ზრდის 74.6%-ია. შედეგად, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 73.5%-მდეა გაზრდილი, რაც 2021 წლის პირველ ნახევარში 73.1% იყო, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 71.7%. ამდენად, ადგილობრივი ექსპორტი იზრდება, რაც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით 17.4%-ია, რაც წინ წილის ანალოგიურ პერიოდში 17.0% იყო. პანდემიის პირველ წელის პირველ ნახევარში ადგილობრივი ექსპორტი ამავე პერიოდის მშპ-ს 14.9% იყო.

ფიგურა 3: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი, 2022 წლის პირველი ნახევარი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ნომერ პირველი დანიშნულება ჩინეთია, რადგან მიმდინარე წელის პირველ ნახევარში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 376.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად ამავე პერიოდის ადგილობრივი ექსპორტის 20.0%-ია. ჩინეთში ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 89.2%-ითაა გაზრდილი. საქართველოდან ჩინეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნებია.

ჩინეთის შემდეგ საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. აღნიშნულ პოზიციაზე წინა წლებში რუსეთი იყო. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თურქეთში 240.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც ამ უკანასკნელის მთლიანი ოდენობის 12.8%-ია. თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რამაც პირველ ნახევარში 35.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს თურქეთთან ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 53.8%-ით გაიზარდა. თურქეთზე ოდნავ ნაკლები, 224.1 და 223.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა რუსეთსა და ბულგარეთში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბულგარეთში ადგილობრივი ექსპორტი 83.3%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთში 6.7%-ითაა შემცირებული. წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი ექსპორტის 33.3%-იანი კლებაა უკრაინაში, სადაც აბსოლუტურ გამოხატულებაში მხოლოდ 48.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება იქნა ექსპორტირებული.

ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აშშ-ში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 141.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 122.8%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2020 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 289.8% აღემატება. აშშ-ში ძირითადი საექსპორტო საქონელი შავი ლითონებია.

ხსენებულ ქვეყნებში საქართველოდან საექსპორტო საქონელი შედარებით მრავალფეროვანია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 295.6 მლნ აშშ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. ამავე პერიოდში ღვინის ექსპორტის ღირებულება 99.5 მლნ დოლარი, ხოლო მინერალური წყლების 44.7 მლნ აშშ დოლარი იყო. თუმცა, ამ პერიოდში ქვეყნების მიხედვით, პირველი ოთხი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის კონტრიბუცია 56.6%-ია.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტში რე-ექსპორტის წილი მაღალია, რაც ძირითადად სხვადასხვა ლითონის მადნებსა და მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება. ადგილობრივ ექსპორტშიც სპილენძის მადნების წილი მაღალია. 2022 წლის პირველ ნახევარში მთლიანი ადგილობრივი ექსპორტი 1 880.6 მლნ აშშ დოლარი იყო, სადაც 533.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები ექსპორტია. საერთო ჯამში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 35.7%-ითაა გაზრდილი, რაც 2021 წელს 25.3% იყო.
 
2022 წლის პირველი ნახევრის ნომინალური მშპ-ს გამოთვალა ეყრდნობა დღგ-დან შემოსავლებს.