30.ნოემბერი .2021 23:21

“საქართველოს განვითარების ფონდის” დაფინანსების რა წყაროებს განიხილავს დავით საგანელიძე

“საქართველოს განვითარების ფონდის” დაფინანსების რა წყაროებს განიხილავს დავით საგანელიძე
views 615
უკან

“საქართველოს საპარტნიორო ფონდის” რეფორმის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფონდს სახელი შეეცვლება და მას “საქართველოს განვითარების ფონდი” დაერქმევა.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ფონდის რეფორმირებას უკავშირდება არის ის, თუ საიდან მიიღებს ის დაფინანსებას. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის გეგმის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში მისი დაფინანსების შესახებ ცვლილების შეტანა იყო დაგეგმილი და მითითებული იყო, რომ 2022 წლიდან საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა შეიძლება მომხდარიყო.

თუმცა, დღეს “საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ის არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე მეტად დაფინანსების სწორედ იმ მოდელს არ ეთანხმება, რომელიც ფონდისთვის რეგულარული საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფას გულისხმობს.

ამის ნაცვლად, საგანელიძე მიიჩნევს, რომ უფრო უმჯობესი იქნება თუკი ფონდის დაფინანსება მოხდება ან თავად ფონდის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული ახალი კრედიტებით, ან ფონდის შემადგენლობაში არსებული წარმატებული პროექტების რეალიზაციით.

“ბიუჯეტში შესვლა, რომ ჩვენ კიდევ თანხები წამოვიღოთ, ძალიან რთული და მტკივნეული იქნება. მითუმეტეს ახლა, როდესაც კოვიდმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ბიუჯეტს.

ამიტომ გარდამავალ ფაზაში ჩვენ ჩვენი რესურსები, რაც გაგვაჩნია, ის მოვიზიდოთ. "კრედიტ სუსი" ახსენეთ და მათ მიმართ 170 მილიონი გავისტუმრეთ. ასევე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან შეგვიძლია ავიღოთ და გვაქვს ამის პოტენციალი.

შესაბამისად შეგვეძლება ახალი ბიზნესებიც გავაჩინოთ და შემდეგ ჩვენივე რესურსებით გავისტუმროთ. თუმცაღა ეს შეიძლება იყოს ძალიან ცოტა.

მე ვამბობ, რომ რეფორმირება უნდა გაკეთდეს, თუმცა არ მითქვამს არასდროს რომ მაინც და მაინც რომელიმე კონკრეტული სახით. როგორც იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენ ამას გავატარებთ,”- აცხადებს დავით საგანელიძე.

მისივე თქმით, ის გასული 5-6 წლის განმავლობაში სახელმწიფოს “საპარტნიორო ფონდის” რეფორმირებისკენ მუდმივად მოუწოდებდა, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

“გეტყვით რომ ეს რეფორმები არ არის მარტივი. არის არაერთ სტრუქტურაში გასატარებელი ღონისძიებების მთელი კასკადი. არცერთ წინამორბედ პრემიერს მე არ დავადანაშაულებ გულგრილობაში ან საკითხის ვერ დანახვაში, თუმცა მათ სამწუხაროდ საკითხისთვის ვერ მოიცალეს იმდენად, რომ მოესწროთ თავიანთი პრემიერობის პერიოდში.

დიდი მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მან ამისთვის მოიცალა, კიდეც კარგად შეაფასა და მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილება ფონდის რეფორმირებასთან დაკავშირებით,”- ამბობს დავით საგანელიძე.

ფონდის დაფინანსების წყაროებზე საუბრისას დავით საგანელიძე მთავრობას ასევე შეახსენებს, რომ სახელმწიფოს ფონდის წინაშე $149 მილიონის ვალი აქვს. საუბარია წლების წინ ფონდის მიერ “გარდაბნის თბოსადგურის” პროექტის დაფინანსებაზე, რაშიც მაშინ $61 მილიონი ჩაიდო, მთავრობამ კი “საპარტნიორო ფონდისგან” აიღო ვალდებულება ეს ინვესტიცია წლების შემდეგ წლიური 12.5%-იანი უკუგებით გამოესყიდა. თუმცა, გარიგება ამ დრომდე არ შემდგარა და ამ ვალდებულების ძირი და პროცენტი ამჟამად $149 მილიონს შეადგენს.

“გარდაბნის თბოსადგურში 49% არის საპარტნიორო ფონდის და მის მიერ არის დაფინანსებული. 51% არის ჩვენი შვილობილი GOGC-ის. როცა ეს პროექტი 60-61 მილიონით დაფინანსდა ფონდისგან, ამას ხელს აწერს ერთი მხრივ ნათია თურნავა, მეორე მხრივ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომ ფონდი დებს ამდენ მილიონს და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გამოისყიდოს ეს წილი 12.5%-იანი IRR-ით. ეს განაწილებულია 4-5 წლის განმავლობაში. დღეს ეს თანხა პროცენტის ჩათვლით ასულია $148-149 მილიონზე. მე მარტივად ვთქვი, რომ ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა,”- ამბობს დავით საგანელიძე.

შესაბამისად, დღეს დასახელებული რამდენიმე ალტერნატივიდან მაინც გაურკვეველი რჩება თუ ზუსტად რა იქნება მომავალში რეფორმირებული “საქართველოს განვითარების ფონდის” დაფინანსების წყარო.

მართალია “საპარტნიორო ფონდის” რეფორმირების პროექტი ახლა დაანონსდა, თუმცა ის სინამდვილეში რამდენიმე წელია მიმდინარეობს და 2020 წელს ფონდს მისი შემადგენელი კომპანიებიც გამოეყო. კერძოდ, “სახელმწიფო ელექტროსისტემამ” გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა, ასევე სამინისტროს ქვეშ გადავიდა ენერგეტიკული კომპანია “ესკო”, ხოლო “თელასის” 24%-იანი წილი ფონდმა აუქციონზე გაყიდა, რაც ქართველმა ინვესტორმა შეიძინა.

ამჟამად, საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში რჩება ორი მსხვილი სახელმწიფო საწარმო, ესენია “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (GOGC) და “საქართველოს რკინიგზა”. ამ ორ კომპანიას შორის ფონდისთვის დივიდენდის სახით შემოსავალი მხოლოდ GOGC-ს მოაქვს, რადგანაც ის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო კომპანიაა. “საქართველოს რკინიგზა” კი რეგულარულად ზარალზეა, რაც ფონდის ფინანსურ მაჩვენებლებზეც ნეგატიურად აისახება.

დღეს დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ თუკი მთავრობა რკინიგზასაც გაიტანს ფონდის შემადგენლობიდან, ისინი ამით მოხარულები იქნებიან. თუმცა მალევე დასძინა, რომ თავად რკინიგზის ფონდში ყოფნაც სასარგებლოა, რადგან ასეთი მსხვილი აქტივების ქონა ფონდს უცხოური ბანკებიდან ფულის მოზიდვაში ეხმარება.

“სახელმწიფომ გაიტანოს რკინიგზა და ჩვენ ამით ძალიან მოხარული ვიქნებით.

თუკი თვლის სახელმწიფო რაღაც მოსაზრებებით, რომ ფონდში უნდა იყოს რკინიგზა, რომ მისი კაპიტალი დიდი იყოს, კი ბატონო. არანაირი პრეტენზია არ მაქვს რომ რკინიგზის მართვა უნდა მოგვეცეს, რადგან ჩვენ არ ვართ ამის სპეციალისტები,”- თქვა საგანელიძემ.

მთლიანობაში დღეს გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ ფონდის რეფორმირებიდან გადაწყვეტილია მხოლოდ ის ნაწილი, რაც მისი სახელის ცვლილებას უკავშირდება, ფინანსური თვალსაზრისით კი დაგეგმილი ცვლილებები ჯერ მკაფიოდ განსაზღვრული და გადაწყვეტილი არაა.

იქამდე, სანამ გადაწყდება თუ საიდან დაფინანსდება ფონდი, ცნობილია, რომ ის რთულ ფინანსურ ვითარებაშია და სესხების მომსახურებაც უჭირს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ “ფისკალური რისკების ანალიზში” წერია, რომ ფონდმა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინაშე არსებული სესხი გადაავადა, რადგანაც მისი გასტუმრებისთვის საჭირო რესურსები არ გააჩნდა.

“2021 წლის სექტემბერში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება Credit Suisse-ს მიმართ დარჩენილი სესხის რეფინანსირების შესახებ, რადგან ფონდს არ გააჩნდა საკმარისი სახსრები სესხის დასაფარად. ფონდმა მთავრობის გარანტიის გარეშე შეძლო მოეზიდა 32 მილიონი ევრო 2 წლის ვადით,”- წერია ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში.

პარალელურად, მცირდება ფონდის შემოსავალი დივიდენდებიდან, რაც GOGC-ში შედარებით გაუარესებულ ფინანსურ პარამეტრებს უკავშირდება.

“2020 წელს ფონდის შემოსავალი დივიდენდის განაწილებიდან იყო 42.5 მლნ ლარი. ფონდის შემოსავლები დივიდენდიდან 2021 წლისთვის უნდა იყოს მინიმალური, ვინაიდან ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგებამ 2020 წლისთვის შეადგინა დაახლოებით 3 მლნ ლარი, რომელიც წარმოადგენს ფონდის დაფინანსების ძირითად წყაროს,”- წერს ფინანსთა სამინისტრო.

თავად GOGC-ის ფინანსური შედეგების გაუარესების მიზეზი კი უკავშირდება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც კომპანიას მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის სუბსიდირების გაფართოება დაევალა. დავით საგანელიძის თქმით, სწორედ ამ სუბსიდიის გამო, ფონდს 1.2 მილიარდი ლარის დივიდენდი მოაკლდა, თუმცა, ეს თანხა მოქალაქეთა ტარიფების დაფინანსებას მოხმარდა.

“GOGC-ის მიერ ხდება სუბსიდია ტარიფების, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ მთელი ეს სუბსიდია გადის ჩვენ ხარჯზე.

ჩვენი გათვლებით სუბსიდიაში 400 მილიონი დოლარია, ანუ 1.2 მილიარდი ლარი სუბსიდირებულია ჩვენ მფლობელობაში მყოფი საწარმოების მხრიდან. შესაბამისად, ამით დაფინანსდა გაზის და დენის ტარიფი,”- განაცხადა დღეს საგანელიძემ.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ არაერთი მსხვილი პროექტი, რომელშიც “საპარტნიორო ფონდი” გეგმავდა მონაწილეობის მიღებას, არ განხორციელდა. მათ შორის გაყინულია “ნენსკრაჰესის” პროექტი, სადაც ფონდს $100 მილიონი უნდა ჩაედო, ასევე გაჩერებულია “ანაკლიის პორტის” პროექტიც, რომელშიც ფონდს ასევე სუბორდინირებული სესხი უნდა გაეცა. იმ შემთხვევაში თუ ეს პროექტები აშენდებოდა, მაშინ ფონდს ამ პროექტებიდან მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი ექნებოდა.

ის თუ რა გამოსავალს მოძებნის მთავრობა და დააწვება თუ არა “საპარტნიორო ფონდის” ყოველდღიური ხარჯების და საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის ვალდებულება გადასახადის გადამხდელებს, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა