მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მმართველ პარტიას ადრესატი შეეშალა - რადას დეპუტატი

6255ba249f787
ალა ისპირიანი
12.04.22 22:41
7880
უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ადრესატი შეეშალა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ულტიმატუმი არა უკრაინას, არამედ იმ ქვეყანას უნდა წაუყენოს, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული.

"ვერ ვხვდები რა ულტიმატუმს უნდა უყენებდეს უკრაინას ვინმე, მით უმეტეს უცნაურია ეს საქართველოსგან, რომელიც ჩვენთვის ძალიან ახლობელი და მეგობარი ქვეყანაა. უცნაურია, რომ პუტინს კი არ უყენებს პრეტენზიებს და ულტიმატუმებს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ უკრაინას. უკრაინაში ვინ რა თანამდებობაზე იმუშავებს, ამაზე არავის არ ვკითხავთ, ეს ჩვენი შიდა საქმეა. ჩვენ მადლიერი ვართ ყველა ქართველის, რომელიც უკრაინაში იბრძვის და მუშაობს უკრაინის სამთავრობო სტრუქტურებში. თუ ადამიანი ქართველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის საქართველოს მთავრობის საკუთრებაა.

საქართველოს მმართველ პარტიას ადრესატი შეეშალა. მათ ულტიმატუმები უნდა წაუყენონ იმ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული და უნდა მიმართოს რომ შეწყვიტოს ცხინვალის და სოხუმის ოკუპაცია. უკრაინასთან რა პრეტენზიები და ულტიმატუმები აქვთ გაუგებარია", - განაცხადა მან "ტვ პირველის" ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნებისთვის" უკრაინაში ვიზიტის წინაპირობა ენმ-თან დაკავშირებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებაა.

ალექსეი გონჩარენკომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების უკრაინაში ჩასვლის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს.

"ბორის ჯონსონით დაწყებული ევროპული ინსტიტუციების უფროსით დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ჩამოდიან და ამბობენ რომ მათთვის პატივია აქ ჩამოსვლა. ათვალიერებენ ბუჩას და ტრაგედიის სხვა ადგილებს. თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩამოსვლა არ უნდა, ნუ ჩამოვლენ, ეს მათი არჩევანია. არავის გვითხოვია აქ ჩამოსვლა და თუ უკრაინის საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ ომის დროს, ე.ი პუტინის მხარეს არიან. ქართველმა ერმა უნდა მისცეს შეფასება საკუთარი მთავრობის ქმედებებს", - აღნიშნა ალექსეი გონჩარენკო "ტვ პირველის" ეთერში.