მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას - IRI

6369f69444be1
თამთა ჯიჯავაძე
08.11.22 10:56
1144
საქართველოში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, სადაც ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზის გარეშე შემოსვლას მხარს უჭერს IRI-ს მიერ გამოკითხულთა 14%.

გარდა ამისა, რუსების მხრიდან აქ ბიზნესის რეგისტრირების მომხრეა გამოკითხულთა 8%, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ქონების შესყიდვის მომხრეა 5%, ხოლო არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს (რუსების მხრიდან ბიზნესის რეგისტრაციას, ქონების შესყიდვას და საქართველოში უვიზოდ შემოსვლას) მხარს არ უჭერს 78%. აღსანიშნია, რომ რესპონდენტებს ჩამოთვლილი პასუხებიდან რამდენიმეს შემოხაზვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ოქტომბერში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 274%-ით გაიზარდა

გარდა ამისა, კითხვაზე - "ყველაზე მეტად რომელი დებულება აღწერს თქვენს დამოკიდებულებას რუსი ტურისტების მიმართ", გამოკითხულთა 38% პასუხობს, რომ რუსეთის მოქალაქეები არ უნდა იყვნენ დაშვებული საქართველოში მანამ, ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს; 26% პასუხობს, რომ რუსი ტურისტები ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, 17% უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ რუსმა ტურისტებმა დატოვონ საქართველო, ხოლო 13% მიესალმება რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის (IRI) სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.