მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში დაამტკიცა

64778ae7bf5f5
BM.GE
31.05.23 21:50
449
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა.  ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ანგარიში მომზადებულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

არჩილ მესტვირიშვილმა ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და ამოცანებზე და ყურადღება გაამახვილა მანდატის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

"ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ისე, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ოპტიმალურია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ღია ეკონომიკის ქვეყნებში და არა მარტო მცირე ზომის, ასევე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არის შოკები, რომელიც დამოუკიდებელია მონეტარული პოლიტიკისგან და ამ შემთხვევაში ინფლაცია შესაძლებელია გადაიხაროს მიზნობრივი მაჩვენებლისგან თუმცა ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკით, ინფლაცია დაუბრუნდება საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს მას შემდეგ რაც შოკები მიილევა", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

თავის გამოსვლაში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გლობალური ინფლაციური პროგნოზები შეიცვალა. სწორედ ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა.

"2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შეცვალა სიტუაცია. რუსეთიც და უკრაინაც საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტების მსხვილი მიმწოდებელი ქვეყნებია. ომს მოყვა რუსეთის მიმართ სანქციები რამაც თავისი დამატებითი გავლენა იქონია ენერგომატარებლების ფასებზე. შედეგად, ეს იყო დამატებითი შოკი და გლობალურად ინფლაციის ტემპის შენელებამ ცოტა გადაიწია და უკვე გლობალურ ბაზრებზე ჩვენ ფასების დაღმავალი ტრენდი 2022 წლის მეორე ნახევარში დავინახეთ. ამ დროს უკვე გამოჩნდა, რომ გლობალური ტრანსპორტირების ფასებიც მცირდებოდა და დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტემპს და ეტაპობრივად ეს საგარეო ტენდენციები ჩვენ ბაზარსაც გადმოეცემოდა და საქართველოში ინფლაციას 2022 წელს შემცირების ტენდენცია ქონდა. თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალი იყო და ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებდით გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას", - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.


პარლამენტის წევრებმა ასევე დეტალურად მოისმინეს იმ ნაბიჯების შესახებ რომელიც ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ფარგლებში გადადგა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის გუნდი აკვირდებოდა მიმდინარე ტენდენციებს და ქმედებებიც შესაბამისი იყო. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და ბელორუსიის მიმართ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების და მონიტორინგის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა დაამატა განყოფილება, რომელიც უშუალოდ ჩართულია საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის მონიტორინგში.

არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ სებ-ის ყველა ქმედება მიმართულია ფასების სტაბილურობის ხელშეწყობისა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისაკენ. მისი თქმით ამ ნაბიჯებს დადებითად ეხმაურება ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და სარეიტინგო კომპანია. "2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე და ასევე იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რომელიც ხდებოდა როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იყო პოლიტიკის ეფექტური რეაგირება, როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, ასევე საბანკო სისტემების მდგრადობის შენარჩუნების და გაძლიერების კუთხით. ჩვენმა ქმედებებმა თავისი გავლენა იქონია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის შეფასებაში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად იყო შეფასებული", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მოხსენების შემდეგ არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.