მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებაში ერთგული მეგობრები ჰყავს" - ინტერვიუ IMF-თან

5e99d06e94a83
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 20:10
974
რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის გადაუდებელი დახმარების გამოყოფის თაობაზე შეთანხმება შედგა. ფონდი ქვეყანას $447 მილიონის მოცულობის დახმარებას გამოუყოფს, საიდანაც დაახლოებით ნახევარი ცენტრალური ბიუჯეტისკენ, ნახევარი კი ეროვნული ბანკისკენ მიიმართება. ამასთან, IMF აღნიშნავს, რომ მათთან ერთად სხვა დონორი ორგანიზაციები საქართველოსთვის თითქმის $1.6 მილიარდის გამოყოფისთვის არიან მზად.

გადაცემა "ანალიტიკა" კრიზისის ფონზე მიღწეული შეთანხმების და ქვეუნის განვითარების მოლოდინების შესახებ საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენელს სელიმ ჩაქერს ესაუბრა. მისი თქმით, დაფინანსების გამოყოფის თაობაზე IMF-ის აღმასრულებელი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის დასაწყისში გასცემს.

ინტერვიუ სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში:

- ბატონო სელიმ, ამ ეტაპზე რაც ვიცით ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 447 მილიონი ამერიკული დოლარით ეხმარება. მეტ დეტალს თქვენგან მოვისმენ...

 - ამ დახმარებას ორი მიზანი აქვს: პირველი - დაეხმაროს მთავრობას და ქვეყანას, რომ თავი გაართვას ამ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და მეორე - რაც შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანია - გახდეს სხვა დონორების მხარდაჭერის კატალიზატორი.

პირველი ტრანშის მოცულობაა 200 მილიონი ამერიკული დოლარი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თანხის გაცემაზე საბოლოო დასტურს მივიღებთ უკვე მაისის დასაწყისში მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი საბჭო ჩვენს გადაწყვეტილებას ბეჭედს დაასვამს.

ეს თანხა მთლიანად მიიმართება საქართველოს ბიუჯეტში იმისთვის, რომ მოხმარდეს მყისიერ სამედიცინო და სოციო-ეკონომიკურ საჭიროებებს. დარჩენილი 250 მილიონი ამერიკული დოლარი - 2 თანაბარ ტრანშად მიიმართება ეროვნულ ბანკში - ერთი ამავე წლის ბოლო კვარტალში და მეორე - 2021 წლის დასაწყისში.

ამ კრიზისმა ბევრ სხვა რამესთან ერთად, ერთი რამ აშკარად დაგვანახა - და ეს არის ის, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში ერთგული მეგობრები ჰყავს. ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით ამაში, როცა დონორების კოორდინირებას ვახდენდით საქართველოს მხარდასაჭერად. ზუსტად ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას დღეს, რომ საერთო მოცულობა, რითაც საერთაშორისო დონორები საქართველოს დაეხმარებიან მნიშნელოვნად დიდი იქნება.

- დიახ. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ, როგორც ცალკე აღებული ფონდის მხარდაჭერა, არამედ როგორც სხვა დონორებისთვის ტონის მიმცემი ორგანიზაციის მხარდაჭერაც. მადლობა თქვენ ამისთვის, ამ რთულ დროს. ჩემი შემდეგი კითხვა იმ გაურკვევლობას ეხება, რაც პრემიერის განცხადებას მოჰყვა პრეს-კონფერენციაზე, რომ თქვენ შეგეშალათ და დოკუმენტის ძველი ვერსია ატვირთეთ...

- მთავრობა ამ დრომდე მუშაობს დახმარების პაკეტზე. ეს პაკეტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთი კომპონენტი - ეს არის მოწყვლადი ჯგუფების დახმარება. კიდევ ერთი კომპონენტი კომპანიების დახმარებაზე ფოკუსირდება. ჩვენ განვიხილეთ მთავრობის გეგმები და ვიცით, რა მიმართულებებს მიანიჭებს ის უპირატესობას.

ვხვდებით იმასაც, რომ საბიუჯეტო დეფიციტი წელს მნიშვნელოვნად გაღრმავდება. აქ ორი მთავარი ფაქტორია: პირველი - შემოსავლები შემცირდება. მეორე - სწორედ ეს დახმარების პაკეტია.

კარგი ამბავი აქ ის არის, რომ გვჯერა, დეფიციტის უდიდეს ნაწილს დააფინანსებს ის დახმარება, რასაც საქართველო საერთაშორისო დონორებისგან მიიღებს - შესაბამისად, არ იქნება ინფლაციის რისკის მატარებელი.

ახლა ჯერი უკვე მთავრობაზეა, რომ კონკრეტული სახელი დაარქვას იმ ზომებს, რომლებსაც გაატარებს. ჩვენ ჩვენი მოსაზრებებიც გვაქვს, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, რომ მალე განაცხადებენ ამ პაკეტის შესახებ და მათ დავუტოვებ სწორედ ამ გეგმის კომუნიკაციის შესაძლებლობას.

- შეცდომა მოხდა თუ არა?

- არა, რადგან როგორც აღვნიშნე, მთავრობა მართლაც მუშაობს გეგმაზე, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება. ჩვენი ვარაუდით, ფისკალური დეფიციტი წელს მშპ-ს 8.5%-ს მიაღწევს. ამ დეფიციტის დიდი წილი სწორედ ამ დახმარების პაკეტებზე მოვა. თუმცა, საბოლოო სახე მას მთავრობამ უნდა მისცეს.

- ექნება თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდს თავისი დათქმები ან რეკომენდაციები, საით უნდა მიიმართოს ის 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელსაც მთავრობა მიიღებს, თუ მთავრობას სრული დისკრეცია ენიჭება ამ გადაწყვეტილებებში?

- ჩვენ ვცვლით მოსაზრებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთავრობამ უკეთ იცის,  უფრო მეტად რაში სჭირდება ეს სახსრები. შეიძლება, საბოლოო გადაწყვეტილება ასეთიც იყოს, რომ ნაკლები დახარჯონ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეს თანხები უფრო მეტად სწორედ ამ დახმარების პაკეტის კომპონენტებად გამოიყენონ. საბოლოო ჯამში, ეს რთული და პოლიტიკური გადაწყვეტილებებია. ამაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. თუმცა, ცხადია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა სულ ხდება.

- ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც შევეხოთ... როგორ სურათს ხედავს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, როგორც - გლობალურად, ისე კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში?

- ფაქტი ერთია: ასეთი კრიზისი ჩვენ ჯერ არ გვინახავს. კოვიდ-19-მა მოშალა დღეს არსებული ყველანაირი წყობა როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. თანაც, სურათი სინათლის სისწრაფით იცვლება. მთავარი კითხვა, რაც დღეს გვაქვს ყველას არის ის, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს კრიზისი? ეს აუცილებლად უნდა მახსოვდეს მეც და ნებისმიერს, ვინც ხელს ჰკიდებს პროგნოზირებას.

გლობალური ეკონომიკური ზრდა უარყოფითი იქნება. ჩვენს სულ ბოლო პროგნოზში ვამბობთ, რომ ვარდნა 3%-ის ფარგლებში იქნება. ბევრი სხვადასხვა სცენარი არსებობს - ძირითადად, ნეგატიური. 20-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ, ეს იქნება ერთი წლის ჭრილში ეკონომიკური აქტივობის ყველაზე დიდი შემცირება - ბევრად უფრო მძიმე რეცესია, ვიდრე 2008-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში გვახსოვს.

გლობალური ეკონომიკის ტრენდს გვერდს ვერ აუვლის ვერც საქართველო. დარტყმა განსაკუთრებით ძლიერი იქნება ტურიზმის, საცალო ვაჭრობის, ტრანსპორტის სექტორებში - ეს კი ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორებია.

დასაქმებულთა დიდი ნაწილი ან დასაქმებულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ან თვითდასაქმებულია. ეს ადამიანები შოკების მიმართ განსაკუთრებით დაუცველნი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ყველა ტიპის ქვეყანას ეხება - იქნება ეს ღარიბი, განვითარებული თუ განვითარებადი - გავლენა ცხადია უფრო მტკივნეულად იგრძნობა ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დარტყმა მოდის ძალიან მნიშვნელოვან არხებზე - კაპიტალის შემოდინება მცირდება; სასაქონლო ფასები მცირდება; გადარიცხვებზე მოდის დიდი დარტყმა - ანუ რამდენიმე შოკი ერთდროულად მოქმედებს. გავლენა ამ თვალსაზრისით, ცხადია, მძიმე იქნება.

ჩვენი ვარაუდით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მესამე და მეოთხე კვარტალზე მიყენებული დარტყმის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ნელა, მაგრამ მაინც გამოცოცხლებას დაიწყებს.

- სხვათაშორის, ბევრი ანალიტიკოსისგან გვესმის, რომ ამ პანდემიის შედეგი გლობალურად ეკონომიკაში ფუნდამენტური ცვლილებების მომტანი იქნება და რომ კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში შეიძლება საკმარისი აღარც იყოს ის ტრადიციული კონკურენტული უპირატესობები, რაც აქამდე იზიდავდა ინვესტორებს - ვთქვათ, ბიზნესის წარმოების სიადვილე ან შედარებით დაბალი საგადასახადო წნეხი - როგორ ხედავთ საქართველოს შეცვლილ ეკონომიკურ ლანდშაფტზე, თუ ეს მართლაც მოხდება პოსტ-კორონა პერიოდში?

- საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა ის არის, რომ მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გამართულია. საქართველომ მოახერხა და შექმნა სერიოზული ფისკალური და საერთაშორისო რეზერვები. მახსოვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი არაერთხელ გააკრიტიკეს ამ რეზერვების დაგროვების პოლიტიკისთვის, მაგრამ დღეს უკვე გამოჩნდა, რომ კარგია, რომ ასე მოიქცნენ. ასევე, მგონია, რომ საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან დახმარებას დონორებისგან. ეს ყველაფერი უკვე დაეხმარება ქვეყანას, რომ შოკს სათანადო პასუხი გასცეს.

ფაქტია, საქართველო - ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები ვერ გაექცევა თავის ეკონომიკაზე კოვიდ-19-ის დარტყმას, ამას იგრძნობენ, როგორც ინდივიდები, ისე ბიზნესები, მაგრამ აქ ერთი მთავარი რამ არის გასათვალისწინებელი - ბუფერების და დონორების დახმარების გარეშე, ეს გავლენა კიდევ უფრო ღრმა და მტკივნეული იქნებოდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საქართველოს აქამდე ვალის საკმაოდ დაბალი დონე ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტის და ვალის მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან გაიზრდება, ეს მომავალში დიდ პრობლემებს მაინც არ შექმნის და ინფლაციას წნეხად არ დააწვება.

საქართველო შედარებით მცირე ეკონომიკის და არა მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა და ეს მახასიათებლები ამ ვითარებაში მის სასარგებლოდ მუშაობს.

ამდენად, შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ამ შოკს უფრო ჯანსაღად და ნაკლები ზიანის მიღებით გადაიტანს, ვიდრე - სხვა ქვეყნები. ყველაფერი შედარებითია.

ამასთან, საქართველო ყოველთვის იყო სანდო ადგილი ინვესტიციებისთვის და მგონია, რომ ეს რეპუტაცია მას პოსტ-პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით დაეხმარება.

და ასევე, მას შემდეგ, რაც ეს პანდემია გადაივლის საქართველო ალბათ უფრო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის კუთხით და ასე დამოკიდებული არ უნდა დარჩეს ტურიზმის სექტორზე.

- ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევას ვკითხულობდი, სადაც აღნიშნული იყო, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან 90 მილიარდი ამერიკული დოლარის გადინება შეიძლება მოხდეს, თუმცა თქვენ ახლა მეუბნებით, რომ საქართველომ შეიძლება სწორი გაკვეთილები გამოიტანოს პანდემიიდან და კონკურენტულობა შეინარჩუნოს..

- დიახ. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია დონორების მხარდაჭერა, რომ ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ტიპის დახმარება, რაც აბსოლუტურ მოცულობებში არ იქნება ზედმეტი და მშპ-სთან თანაფარდობით ქვეყნებს დაეხმარება და არა -პრობლემებს შეუქმნის გრძელ ვადაში.

- და ჩემი ბოლო კითხვა - მოკლე და უფრო ტექნიკური შინაარსის. რატომ ვიგებთ უფრო ხშირად სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტებიდან, რას გეგმავს საქართველოს მთავრობა და არა, ვთქვათ, თავად მთავრობისგან. საინტერესოა, არის თუ არა ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა, რომ პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდეს..

- არა, რა თქმა უნდა, არა. მეც მიმუშავია მთავრობაში და ამიტომ შემიძლია ზუსტად გითხრათ. გეგმის შედგენა ეს პროცესია. მთავრობას დღეს სჭირდება ზუსტად ხედავდეს რა რესურსს ფლობს ის იმისთვის, რომ შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების მიხედვით გაწეროს.

სამწუხაროდ, საქართველო არც ამერიკაა და არც ევროზონა, რომ ცენტრალურმა ბანკმა მოახერხოს მთელი დეფიციტის დაფარვა. თან ისე, რომ სავალუტო კურსი არ დააყენოს დარტყმის ქვეშ და შესაბამისად - ინფლაცია.

სხვა დონორებსაც ვესაუბრები და ზუსტად ვიცი, რომ მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ გეგმაზე. აქტიურად საუბრობს დონორებთან.

- საკმაოდ ბევრი ვიდეოკონფერენციის კადრი ვნახეთ ამ დღეებში...

- არ არის ეს ადვილი პროცესი. ჩვენი მოლაპარაკებები გვიან საღამოობით იმართებოდა, რადგან ვაშინგტონს ამ დროს ღვიძავს. საკმაოდ რთულია.

დღეს საქართველოს მთავრობას უკეთესი წარმოდგენა აქვს დახმარების იმ მოცულობაზე, რასაც საერთაშორისო დონორებისგან მიიღებს.

ასევე, დღეს მათ არ იციან, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, რადგან ამ პანდემიის ბუნება სრულიად უცნობია.

აქ კითხვა ისიც არის, რომ გასწევ დახმარებას, მაგრამ რა დროით? რამდენ ხანს? ესეც უცნობია.

მესმის, რომ საზოგადოებაში საკმაო მოუთმენლობაა დახმარების გეგმასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სწორად იქცევა, რომ დროს უთმობს იმის შესწავლას, თუ რა და რა რაოდენობით შეიძლება დაფინანსდეს.

არ ვიცი, რამდენად ვუპასუხე თქვენს კითხვას.

- დიახ. უპასუხეთ და დიდი მადლობა ამისთვის. მეც ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი საუბრის ბოლოსკენაც ამ თემას მივუბრუნდი, მაგრამ პირადად ჩემს აზრს გეტყვით - საკმაოდ უცნაური იყო ჩემთვის, როცა პრემიერ-მინისტრი ლაივ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცდომა დაუშვა და თავის ვებ გვერდზე სულ სხვა, ძველი დოკუმენტი ატვირთა...

- ჩვენ ყველანი დიდი სტრესის ფონზე ვმუშაობთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება. ასე ვთქვათ.

- პასუხი მიღებულია. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს.