მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, დაახლოებით, 1.4 მლნ იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.1%-ით მეტია.
როგორც საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ შიდა ტურიზმის ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.5 მილიონის გადააჭარბა.
რაც შეეხება ვიზიტების ტიპს, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 813.5 ათასით განისაზღვრა, რაც 22.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საინტერესოა, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების 38.2% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4%-ს შეადგენდა.
ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 45.1% თბილისის მაცხოვრებელია, 12.2% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2% - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი
რაც შეეხება ადგილობრივი ვიზიტორებისთვის პოპულარულ რეგიონებს, საქსტატის ინფორმაციითვე, ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა (საშუალოდ 306.6 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 280.3 ათასი ვიზიტი თვეში) განხორციელდა. შემდეგ მოდიან აჭარა, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი.




























