მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სხვა შოკებიც გამოუვლია, მაგრამ გაძლიერებული გამოსულა - EU

5e9ca85801eb1
ელენე კვანჭილაშვილი
20.04.20 10:35
1019

“დახმარება საქართველოსთვის 250 მილიონ ევროს აჭარბებს”, - ამის შესახებ  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ „ანალიტიკის“ წამყვან ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.


- ბატონო ვინსენტ, პირველ რიგში, მეტ დეტალს ველოდები თქვენგან იმ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. ის ერთ-ერთი პირველია და გამორჩეულად კარგი მოცულობის დახმარებაც მიიღო...

- ევროკავშირი აცნობიერებს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა. გავლენა აქვს ძალიან ბევრ ქვეყანაზე და ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ყველა ჩვენგანი ურთიერთდამოკიდებულია. ჩვენ, როგორც წესი, ვვაჭრობთ ერთმანეთში. განვაცხადეთ დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც 15 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს და ის განკუთვნილია ჩვენი გლობალური პარტნიორებისთვის. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის დახმარება. ამდენად, რის შესახებაც ჩვენ წინა კვირას განვაცხადეთ, 183 მილიონი ევროს ოდენობით, ემატება იმ პაკეტს, რომელიც ჩვენ გვქონდა რამდენიმე კვირის წინ, რაც განკუთვნილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის და განკუთვნილი იყო უფრო მეტად მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდურობისთვის - როგორც მყისიერი პასუხი შემქნილ ვითარებაზე. ამდენად, ჯამში, ჩვენი დახმარება საქართველოსთვის 250 მილიონ ევროს აჭარბებს, გრანტების სახით. საქართველოსგან ჩვენ ასევე მივიღეთ ერთი ახალი თხოვნა ახალი სესხის დამტკიცების თაობაზე და ამასთან დაკავშირებითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, მალე გაგიზიარებთ ამის შესახებაც ინფორმაციას.

- მადლობა ამ სიახლის გაზიარებისთვის და დაველოდებით შედეგს. როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით როგორც საქართველოში, ისე - მთელს მსოფლიოში? ყველა აღიარებს, რომ მსგავსი გამოწვევის წინაშე მსოფლიო ჯერ არ მდგარა...

- ერთი საკითხი ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ის დარტყმა, რასაც მსოფლიო პანდემიიდან მიიღებს. საქართველოს შემთხვევაში გვესმის ერთი რიცხვი, რაზეც სსფ და საქართველო შეთანხმდნენ - ამ ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვუწინასწარმეტყველებდით. ანუ ეს არა მხოლოდ რეცესიაა, არამედ სრულიად მოულოდნელი შოკია. კიდევ ერთი, რაც ამ დარტყმას აძლიერებს ის არის, რომ პირველ რიგში, ტურიზმის სექტორი დაზარალდა; დარტყმა დიდია ექსპორტზე, გაცვლით კურსზე, იმ გადმორიცხვებზე, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან იღებდა ქვეყანა და ა.შ. იმ ფონზე, როცა ეს ქვეყნებიც რეცესიის წინაშე დგანან და საზღვრებიც ამ დრომდე ჩაკეტილია, ეს შემოდინებები უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

ერთი, რაც ამ დრომდე არ ვიცით ის არის, რომ თუ რა გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე საბოლოოდ საგანგებო მდგომარეობას და გამკაცრებულ წესებს, რაც იზოლაციას უკავშირდება - ეს ერთი მხრივ აუცილებელია, ჯანმრთელობის დაცვისთვის, მაგრამ ძალიან სერიოზულად ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას - ნიშნავს შემცირებულ სამუშაო ადგილებს და ჯერ არ ვიცით, ეს მდგომარეობა რამდენ ხანს გასტანს. არც ის ვიცით, რამდენ ბიზნესს მიაყენებს დარტყმას. ჩვენი პაკეტის ერთი ნაწილია ბიზნესისთვის ლიკვიდურობის შექმნა – 90 მილიონი ევრო გრანტების სახით ამ მიზნისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შოკთან გასამკლავებლად და ამ შოკიდან გამოსასვლელად, მაგრამ მაინც დაგვჭირდება დამატებითი პროგრამები, რომ ავამუშაოთ ქვეყანა და ძველ რელსებზე უფრო მარტივად დავაბრუნოთ. ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება ამ კრიზისმა გააჩინოს.

- ეს იყო სწორედ ჩემი შემდეგი კითხვაც. ბუნებრივია, რომ ახლა პირველ რიგში სწორედ სირთულეებს და გამოწვევებს ვხედავთ, მაგრამ გამოჩნდება თუ არა შესაძლებლობებიც, რომლებსაც ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ, როგორც ქვეყანა?

- პირველ რიგში, ალბათ უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ქვეყანას სხვა შოკებიც გამოუვლია - როგორიც არის მაგალითად, ღვინის სექტორთან დაკავშირებული შოკი, მაგრამ აქედან გაძლიერებული გამოსულა. უფრო დივერსიფიცირებული ბაზრებით და უკეთესი პროდუქტით, რომლის ხარისხიც სწორედ ამ შოკის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეიძლება ის შოკი ასეთი მასშტაბური არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. შემდეგი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მთელმა რიგმა სექტორებმა - მაგალითად, როგორიც არის ტურიზმი, გადახედონ თავიანთ მიდგომას და სტრატეგიას და კონცენტრირდნენ - შესაძლოა, უფრო ცოტა, მაგრამ უფრო მაღალი დამატებული ღირებულების და სტაბილურ ბაზრებზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ტურიზმის სვლას ჩვენ უკვე შარშანდლიდან ვაკვირდებოდით. დღეს ალბათ ამ რამდენიმე თვის მანძილზე ტურიზმის სექტორმა ორმაგი დარტყმა მიიღო. კიდევ ერთი პლასტი ამ პანდემიის არის ის, რომ საქართველო შედარებით მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა - ამდენად, სულ სჭირდება ვაჭრობის საზღვრების გაფართოება - მაგრამ შესაძლოა ზოგიერთ სექტორში სათანადო ყურადღებას არ აქცევდა ადგილობრივ ბაზარს და ბოლომდე არ იყენებდა აქ თავის შესაძლებლობებს. აქ საკვებს და სოფლის მეურნეობას ვგულისხმობთ

პირველ რიგში, რადგან ლოგისტიკური სირთულეების ფონზე მიწოდება რიგ შემთხვევებში შეიძლება მნიშვნელოვნად შეფერხდეს რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ შეიძლება აღმოაჩინოს სფეროები, რომელთაც თავის დროზე სათანადო ყურადღება არ დაეთმო და მიიღოს უფრო დივერსიფიცირებული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის.

რაც შეეხება წმინდა covid-19-ის საპასუხო გამოძახილს ამას უკვე ვაკვირდებით საქართველოში - მაგალითად, სამედიცინო აღჭურვილობის ადგილობრივი წარმოება დაიწყო და აქ ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა ამ მიმართულებით გამართეს წარმოებები - მსუბუქი მრეწველობის სექტორმა აშკარად უპასუხა ამ გამოწვევას. ამ მაგალითზე ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს საქართველომ. ჩვენც მზად ვართ უფრო მეტი საკონსულტაციო სერვისებით ვიყოთ წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით იმისთვის, რომ ვუპასუხოთ არა მხოლოდ მყისიერ დარტყმებს, არამედ უფრო გრძელ ვადაში შევძლოთ საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერა და გამართვა, რომ სამომავლო შოკებს უფრო მედეგად დახვდეს.

- დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ და ჩემი ბოლო კითხვა. მოუთმენლად ველით მთავრობის გაცხადებულ გეგმებს და ბიუჯეტში გაწერილ ცვლილებებს როგორც ანტი ისე პოსტ კრიზისული თვალსაზრისით, რაც ჯერ კიდევ არ ჩანს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი სტრატეგია აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით?

- როგორც დონორები, ისე მთავრობაც ვცდილობთ, რომ ჯერ პირველად საჭირობებს ვუპასუხოთ, მყისიერ შედეგებს, რაც დღის წესრიგში დააყენა ამ პანდემიამ. ამ ფაზაზე ჩვენ დავეხმარეთ მთავრობას სამედიცინო მასალების თვალსაზრისით - მათ შორის, ჯანმდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად მთელი რეგიონის მასშტაბით. შემდეგი ჩვენი ნაბიჯი იყო საფინანსო სექტორის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. და მთავრობის დახმარება იმისთვის, რომ ეკონომიკამ თავისი თავი დააფინანსოს. ამას მარტო არ ვაკეთებთ. აქ პრაქტიკულად ყველა საფინანსო თუ განვითარების ინსტიტუტი არის ჩართული. ეს იყო პირველი პასუხი კრიზისზე, რაც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. რაც შეეხება ამ სიტუაციიდან გამოსასვლელ გეგმას, მისი შედგენა ძალიან რთულია.

ევროპაში ძალიან დიდი კამათი მიდის პრაქტიკულად ყველა დეტალზე - როდის, როგორ. ვფიქრობ, მთავრობის პასუხის თვალსაზრისით, ერთი მთავარი კომპონენტი იყო ის, რომ ყველა ეტაპზე ზუსტი ინდიკაციები მისცა ბიზნესს თუ როგორ შეუძლიათ განაახლონ თავიანთი საქმიანობა - ეს ძალიან რთულია, რადგან თავი უნდა გაართვა როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური აქტივობის გამოწვევებს, მაგრამ მთავრობა მუშაობს ამ თემებზე და ამ თემებზე მუშაობა ისევ გაგრძელდება აღდგომის შემდეგ. მეორე მომენტია მოთხოვნა - აქ მთავრობის გეგმაა, რომ პირველ რიგში, დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს დახმარება. აქაც ჩვენი და სხვა დონორების მონაწილეობა იქნება საკმაოდ მაღალი.

აქვე ვიტყვი, რომ მგონია, რომ შეკავების ის ზომები, რაც საქართველოს მთავრობამ გაატარა კოვიდ-19-თან მიმართებით, აუცილებლად იქნება იმ ტენდენციის ნაწილი, რაც საქართველოს პოსტ-კორონა პერიოდში მნიშვნელოვნად დაეხმარება, მოიზიდოს ტურისტები სწორედ იმ გარდამავალ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი თავს შეიკავებს ბევრ ქვეყანაში მოგზაურობისგან. ამ კუთხითაც ჩვენ მნიშვნელოვნად ვიაქტიურებთ, რომ შეკავება ამ მომენტში, ხვალ ამ ქვეყნის ერთ კონკურენტულ უპირატესობად იქცეს.

- დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ.