მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტი: „ცუდი იქნება თუ სახელმწიფო სასწავლებლებს საბაზისო დაფინანსებას მისცემს“

6169a5b70493c
თათია ჩაფიჩაძე
15.10.21 22:00
1335
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი მზად არის და ის ძალაში, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბრიდან შევა. კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზეა უცნობია, თუმცა როგორც მიმდინარე კვირაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, უნივერსიტეტებისთვის საბაზისო დაფინანსება შემოდის, რაც უნივერსიტეტების ნაწილისთვის მიუღებელია.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია განმარტავს, რომ არსებული დაფინანსების მოდელი ყველაზე სწორი და სამართლიანია, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში კი შესაძლოა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის არასამართლიანი კონკურენცია გაჩნდეს.

„ორ რამეს აკეთებს უნივერსიტეტი, ახალ ცოდნას ქმნის და აზიარებს. თუ კარგ სამეცნიერო პროექტებს ქმნის დაფინანსებას მოიპოვებს კიდევ, არსებობს ამისთვის ფონდები და თუ კარგად ასწავლის სტუდენტები ამ უნივერსიტეტებში აბარებენ. არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტი თავის ჯიბიდან იხდის თუ უნივერსიტეტი უხდის გრანტის სახით, მთავარი მონაპოვარი რაც საქართველოს აქვს არის ის, რომ დაფინანსება მიბმულია სტუდენტზე, სტუდენტს აძლევს ფულს და მან უნდა აირჩიოს უნივერსიტეტი, ეს უზრუნველყოფს კონკურენციას. ძალიან ცუდი იქნება თუ სახელმწიფომ ფიქსირებული საბაზისო დაფინანსება მისცა უნივერსიტეტებს. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რა ტიპის დაფინანსებაც არ უნდა იყოს საგრანტო, რუსთაველის ფონდიდან თუ სხვა, თანაბარი უნდა იყოს კერძო და საჯარო სექტორისთვის. ყველას უნდა რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და ამიტომ ვიღებთ უარესს სქემებს, რომელიც მორგებულია კონკრეტულ უნივერსიტეტებზე. უნივერსიტეტების ნაწილს ურჩევნია საბაზისო დაფინანსება მიიღოს და თავი ქუდში ჰქონდეთ, ამით ზარალდებიან სტუდენტები. თუ საწარმო ფუნთუშებს უშვებს, მისი შემოსავალია ფუნთუშებიდან მიღებული შემოსავალი, მას საბაზისო დაფინანსება ხომ არ აქვს? ამით უნდა დაფაროს ხელფასის ხარჯიც, კომუნალურიც და ქირაც. ასევეა უნივერსიტეტებშიც. ყველა ხარჯი უნივერსიტეტმა უნდა გაისტუმროს სწორედ ამ შემოსავლებიდან,“ - აცხადებს თოფურია.

მისივე შეფასებით, დაფინანსების ახალ მოდელში ყველაზე სწორი გრანტის მოცულობის გაზრდა იქნებოდა. თოფურია ამბობს, რომ აუცილებელია შეიცვალოს სწავლის გადასახადი პროგრამების მიხედვითაც და გაუქმდეს უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი.

„თუ ეს შემოსავლები არ არის საკმარისი, მაშინ სწავლის საფასური უნდა გაზარდოს. სახელმწიფო თუ გაზრდის გრანტის თანხას, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ 2007 წელს შემოღებული 2250 ლარი იყო 1500 დოლარის ეკვივალენტი, დღეს ისევ 2250 ლარი 600 დოლარია, ცხადია დღეს იგივე თანხად ისეთივე ხარისხიან განათლებას ვეღარ მიაწოდებ სტუდენტს, უნდა გაიზარდოს რამდენჯერმე, ეს არის პრობლემა.

საგრანტო დაფინანსებაც უნდა გაიზარდოს და უნდა შეიცვალოს პროგრამების მიხედვით. სამეცნიერო სწავლება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე მაგალითად ენის სწავლა. ამიტომ ცხადია სამეცნიერო პროგრამების გრანტის დაფინანსება რამდენჯერმე მაღალი უნდა იყოს, ეს საწყენი არ არის, არის ძვირიანი და იაფიანი პროგრამები, ეს იქნებოდა გაუმჯობესება, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ ახალი ცვლილება მუდმივად უარესობისკენ არის მიმართული და მხოლოდ კონკრეტულ უნივერსიტეტებზეა მორგებული“, - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა.

დაუზუსტებელი დეტალების გამო დაფინანსების ახალ მოდელზე უნივერსიტეტების ნაწილს ამ ეტაპზე საუბარი არ სურს. ოფიციალური პოზიციისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ განათლების სამინისტროშიც. კომიტეტის სხდომაზე კი ჩხენკელის მოადგილემ ვალერი გობრონიძემ თავისი პოზიცია უფასო ფაკულტეტების საკითხზეც დააფიქსირა და განაცხადა, რომ არც უფასო ფაკულტეტების მომხრეა და არც იმას უჭერს მხარს, რომ ყველა ფაკულტეტს ერთი და იგივე დაფინანსება ჰქონდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გეგმის განსახორციელებლად ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების ბიუჯეტი, რომელიც 2030 წლისთვის 270 მლნ ლარს მიაღწევს.

ცნობისთვის, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 1.64 მილიარდი ლარია, ზრდა 2021 წელთან 113 მილიონი ლარი.