მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში I კვარტალში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებში 12 ათასი ტონა ხორცი იწარმოა

628395f642e36
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.22 16:38
929
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორების და სამაცივრე მეურნეობების პირველი კვარტლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებზე 12 ათასი ტონა ხორცი იწარმოა.

ამ პერიოდში ქვეყანაში სულ 104 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, აქედან კახეთში 19.2%, ქვემო ქართლის რეგიონში 18.3%, იმერეთში 14.4%, შიდა ქართლის რეგიონში - 12.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 11.5%, ხოლო დანარჩენი 24% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 88.6 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 41.6% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.1% - ღორი, ხოლო 7.7% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 12.6%-ს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 495.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2022 წლის I კვარტალში 12.0 ათასი ტონა ხორცის წარმოება მოხდა (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით). ყველაზე მეტი რაოდენობით 45.3% - ფრინველის ხორცი იწარმოა. წარმოებული პროდუქტის 33.8% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, 19.9% - ღორის ხორცი, 0.8% კი ცხვრისა და თხის ხორცი იყო.

გამოკვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება 7.8 ათას პირს გაეწია, საიდანაც 37.1% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. ამასთან, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 108 კაცი შეადგინა.

აღსანიშნია, რომ ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში - 31.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის - 13.2 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 26.5 ლარი იყო.