ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საცალო ქსელში საწვავი 5-7 თეთრით გაიაფდა. მიზეზი გლობალურ ბაზრებზე ნავთობზე ფასის შემცირება და ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების ტენდენციაა.
„ბოლო 10 დღეა საწვავზე ფასი შემცირებულია საშუალოდ 5-7 თეთრით. ფასის შემცირების მიზეზი გახდა ის, რომ მსოლფიოში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო გლობალურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტებზე ფასი შემცირებულია და მეორე ფაქტორი-ლარმა მნიშვნელოვანი გამყარება განიცადა დოლართან მიმართებაში. შესაბამისად შედეგი დადებითი გვაქვს.
თუ ლარი გამყარების ამ ტენდენციას შეინარჩუნებს,მათ შორის საწვავზე ფასებიც გააგრძელებს კლებას, რაღაც პერიოდში ფასების შემდგომი კორექტირება გაგრძელდება“-აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს.
2020 წლის 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,18 (- 1.25) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 47,09 (- 1,64) დოლარი/ბარელზე.
ამასთან, დოლართან მიმართებაში გამყარების დენტენცია აქვს ეროვნულ ვალუტას. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარი 2.79 ლარი ღირს.