მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სიჩქარეს 873,000-ჯერ გადააჭარბეს

62792bc58866f
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.22 23:59
1647
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო უსაფრთხოოების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ სიჩქარის გადაჭარბების მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ აღრიცხული სამართალდარღვევების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი და 2020 წელს 873,000-ზე მეტი სამართალდარღვევა აღირიცხა.

როგორც ირკვევა, შსს-ს მონიტორინგის ავტომატური სისტემა აღიქვამს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მიერ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებს, რის გამოც სატვირთოების და ავტობუსების მიერ ჩადენილი დარღვევები ავტომატური სისტემის მიერ ვერ აღირიცხება. 

"მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა. 2018 წელთან შედარებით, 2020 წელს სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 873,144 შემთხვევა შეადგინა. აღნიშნული გარემოება ტექნიკური საშუალებების, კერძოდ, ვიდეოკამერებისა და რადარების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, სიჩქარის გადაჭარბების შედეგად გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. არასაკმარისია, სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის თვალსაზრისით გაწეული საქმიანობა, რის გამოც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მიიღწევა. კერძოდ, აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაცია − პოლიციის არასტაციონარული, პორტატული სიჩქარის მზომი რადარებით აღჭურვისა და რადარების ინტენსიური გამოყენების შესახებ სრულყოფილად არ შესრულებულა.

სიჩქარის კონტროლის ავტომატური სისტემა დარღვევად ვერ აღიქვამს და შესაბამისად არ აფიქსირებს სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სხვა დიდგაბარიტიანი ავტომობილების მიერ, მათთვის დადგენილი სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბებას, რასაც ხშირად თან ახლავს ლეტალური შედეგით დასრულებელი ავტოსაგზაო შემთხვევები. აქედან გამომდინარე, სექციური რადარების შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით დაპროგრამებამდე, ეფექტიანი იქნება სიჩქარის მზომი, პორტატული რადარების ინტენსიური გამოყენება.

უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან პატრულირება ძირითადად ორიენტირებულია ამკრძალავი ნიშნების − „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობაზე. შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მოქმედების ზონები, სამუშაო დრო. ამასთანავე, ეკიპაჟს არ გააჩნია სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, ხოლო არსებული ტექნიკური ბაზა ვერ უზრუნველყოფს, უტყუარად დაფიქსირდეს სამართალდარღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პროცესში", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.