მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის ხარვეზები რეგიონებში – რას წერს აუდიტის სამსახური?

5ef84b1991533
დავით ჯალაღონია
28.06.20 12:00
1085
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეგიონებში წყლის ხარისხის კონტროლის ხარვეზებზე მიუთითებს – ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის მიერ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესწავლის შედეგად ირკვევა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ კომპანიას სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები შემუშავებული არ აქვს.

„სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის ხარვეზები:

- არ არის შემუშავებული სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები, რაც კომპანიას მისცემდა სასმელი წყლის ხარისხის შეფასების, სისტემის დაცვის და მიწოდების პროცესის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობას. წყლის უსაფრთხოების გეგმების არარსებობა ზრდის სისტემური ჩავარდნის რისკს, ვინაიდან წინასწარ არ არის განსაზღვრული გაუთვალისწინებელ ვითარებაში წყლის ხარისხზე გავლენის მქონე მოვლენებზე (გვალვები, ძლიერი ნალექი ან წყალდიდობა და სხვ.) საპასუხო ღონისძიებები. შესაბამისად, კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლი არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადოდ ორგანიზებულად და ყოვლისმომცველად.

- კომპანიის მიერ სასმელი წყლის კონტროლის და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე არ არის შექმნილი ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა. ასევე არ არის უზრუნველყოფილი კონტროლის შედეგების პროაქტიული ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. ამასთანავე, ერთიანი ინფორმაციის არარსებობა ართულებს აღნიშნული მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ დამუშავებას და რისკების სათანადოდ შეფასებას.

- წყლის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასებისა და ანალიზის მიზნით, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების არარსებობის გამო, შეუძლებელია მენეჯმენტის იმ გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება, რომლებიც მიღებულია წყლის ხარისხის კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით“, – წერს აუდიტის სამსახური.

მათივე ცნობით, კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილი 50-ზე მეტი მაჩვენებლიდან, 5 მაჩვენებელზე ან არ კონტროლდება, ან შედეგები სათანადოდ არ დოკუმენტირდება, ასევე, კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყალი, 3 მაჩვენებელზე კონტროლდება რეგლამენტთან შეუსაბამო ნორმატივებით.

„კომპანიაში არ არის დამტკიცებული ინსტრუქცია წყლის ხარისხის გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურების შესახებ.

- კომპანიის სამუშაო პროგრამებში არ არის გაწერილი იდენტიფიცირებული პოტენციური საფრთხეები და შემოწმებათა საჭირო რაოდენობა რეგლამენტით გათვალისწინებული მაჩვენებლების მიხედვით, ასევე სანიტარული დაცვის ზონების და რეზერვუარების მდგომარეობის შემოწმებების მიზნით, ადგილზე ვიზუალური ინსპექტირებები და მათი პერიოდულობა. შესაბამისად, სამუშაო პროგრამები არსებული სახით ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებას რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და არ ითვლება პასუხისმგებელი პირებისთვის ზუსტ საოპერაციო მონიტორინგის გეგმად.

- წყლის ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმები არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად. წყლის ხარისხთან დაკავშირებით გამოვლენილი 16 შემთხვევიდან 15-ში სააგენტოსა და კომპანიის შემოწმების შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა;

კომპანია სინჯებს არ ამოწმებს აკრედიტებულ ლაბორატორიებში. აღნიშნული გარემოება არ იძლევა კომპანიის მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგების სანდოობაში დარწმუნების შესაძლებლობას;

16-დან 10 შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევა კომპანიის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა;

სააგენტო მომხმარებლებს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აცნობებს მხოლოდ მათი მოთხოვნით ჩატარებული კვლევების შემთხვევაში, სხვა დროს კი აბონენტების ინფორმირების რეკომენდაციას გასცემს წყლის მიმწოდებელ კომპანიებზე;

ვერ მივიღეთ დასაბუთება, კომპანიის მხრიდან ხდება თუ არა მომხმარებლების ინფორმირება სააგენტოს მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით;

სააგენტო განმეორებით შემოწმებებს არ ახორციელებს;

სააგენტო წყლის ხარისხთან დაკავშირებულ დარღვევებს, რიგ შემთხვევაში, კომპანიას დაგვიანებით აცნობებს“, – წერია ანგარიშში.