04.აგვისტო .2022 10:15

სასტუმრო გამჭვირვალე ოთახით - ECOHOUSE SVANETI ტურისტებს ახალ სივრცეს სთავაზობს

სასტუმრო გამჭვირვალე ოთახით - ECOHOUSE SVANETI ტურისტებს ახალ სივრცეს სთავაზობს
views 858
უკან

ლატალის თემში, სოფელ ლახუშდში ნიკოლოზიანების ოჯახმა ტურისტულ ბიზნესში ჩართვა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა. მამაპაპისეული სახლი სასტუმროდ გადააკეთა და ტურისტების მიღება დაიწყო.

სასტუმროს, რომელსაც ECOHOUSE SVANETI ჰქვია, მთავარ აქცენტს ეკო ტურიზმზე აკეთებს. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი დავით ნიკოლოზიანი გვიყვება, მათ სტუმრებში ევროპელი ტურისტები ჭარბობენ. ეს კი, მისი თქმით, ის ტურისტები არიან, რომლებიც არჩევანს ავთენტურ გარემოსა და ლაშქრობაზე აკეთებენ.

“ძირითადი ორი ქვეყანა, რომელიც გვსტუმრობს, ესაა გერმანია და პოლონეთი. ასევე დაინტერესება არის ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან. ეს ისეთი ქვეყნებია, სადაც გაცნობიერებული აქვთ ეკოგარემოს მნიშვნელობა და სადაც უფრო მეტი პოპულარობა აქვს შეძენილი ორგანულ პროდუქტს", - ამბობს ECOHOUSE SVANETI-ის დამფუძნებელი დავით ნიკოლოზიანი.



ტურისტული ბიზნესის განვითარება ნიკოლოზიანების ოჯახმა ევროკავშირის ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით შეძლო. პროექტმა “GRETA”-მ “ECOHOUSE SVANETI”-ს ახალი უპირატესობებიც შესძინა. დონორების დახმარებით, სასტუმროში ინოვაციური ოთახი მოეწყო.

“პროექტ “GRETA”-ს შესახებ, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ,  დაახლოებით, 2 წლის წინ შევიტყვე. საინფორმაციო შეხვედრასაც დავესწარი, საკმაოდ საინტერესო იდეები გააჟღერეს, რის შემდეგაც გადავწყვიტე, მეცადა ბედი და ინოვაციური ოთახის მოწყობაზე შევიტანეთ განაცხადი.

ამ ოთახის მოწყობა პანდემიამდეც 3-4 წელი მინდოდა, უბრალოდ, ფინანსურად ისეთი მდგომარეობა იყო, არ მომეცა საშუალება. პროექტ “GRETA”-ს მეშვეობით კი შევძელით მოგვეწყო ოთახი, რომელსაც ექნება შუშის ჭერი, ასევე შუშის კედლები და შესაძლებელი იქნება დაძინება ისეთ გარემოში, სადაც ადამიანი ღია ცის ქვეშ იგრძნობს თავს, ასევე საშუალება ექნება, დატკბნენ ვარსკვლავებიანი ცის ხედით მთელი ღამის განმავლობაში", - ამბობს ecohouse svaneti-ის მფლობელი დავით ნიკოლოზიანი.



სასტუმროს მფლობელები ამბობენ, რომ ecohouse svaneti-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტურისტები სოფლის ავთენტურ გარემოს სრულად გრძნობენ. მათი თქმით, საუზმეზე სტუმრები მასპინძლის ბოსტანში მოყვანილ პროდუქციას და სასტუმროს ეზოში მდებარე ფუტკრის სკებში მომზადებულ თაფლს აგემოვნებენ.

ECOHOUSE SVANETI ბოსტნიდან პირდაპირ მაგიდაზე - პრინციპით მუშაობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო მაგალითია ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის სინერგიის. ისეთების, როგორებიცაა ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

ECOHOUSE SVANETI-ში ნიკოლოზიანების ოჯახი სტუმრებს მოყვანილი კარტოფილის დაგემოვნების გამოცდილებასაც სთავაზობს, რომელიც ოჯახის უფროსს სასტუმროსთან მდებარე მიწაზე მოჰყავს.

“ინტერესი გვქონდა გვეწარმოებინა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ეს ჩვენი შეხედულებით ნიშნავს იმას, რომ არანაირ პესტიციდებს და შხამქიმიკატებს ჩვენ ვიყენებდით, მაგრამ გვიჭირდა მიწის დამუშავება. ხარებით და გუთნით გვიწევდა მიწის დამუშავება, ძალიან გვიძნელდებოდა. ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებული პროექტ “GRETA”-ს მეშვეობით მოხდა ტრაქტორის, აგრეგატების, მხვნელის, გამაფრქვიებლების შეძენა", - აცხადებს ფერმერი ლევან ნიკოლოზიანი.

ნიკოლოზიანების ოჯახს კარტოფილის მოყვანაში ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტი “GRETA” დაეხმარა. გარდა შესაბამისი ტექნიკით აღჭურვისა, დონორებმა ფერმერს პროცესებში შესაბამისი ცოდნის ასამაღლებლად ექსპერტები დაახმარეს.

“კარტოფილის წარმოების მიმართულებით მწარმოებლების ჯგუფს დავეხმარეთ სხვადასხვა აგრეგატით, შევუძინეთ ტექნიკა, ტრაქტორი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი გამოწვევა იყო. სვანეთში აქ არსებული კლიმატური პირობების გამო არის ძალიან მცირე აგროპერიოდი.

უმნიშვნელოვანესია, დროულად მოხდეს ყველა აგრარული ოპერაციისა თუ საქმიანობის ჩატარება. ეს ტექნიკა დაეხმარა თემს, თუ მანამდე რამდენიმე ასეულობით კვადრატული მიწის ნაკვეთის დამუშავება ხდებოდა დღეს რამდენიმე ჰექტარს ამუშავებენ", - ამბობს პროექტ “GRETA”-ს მენეჯერი ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ლაშა ჭანტურია.

ცნობისთვის, პროექტი “GRETA”, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ; წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/en