მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ფონდი მთავრობას სახელმწიფო საწარმოებიდან მომავალ რისკებზე აფრთხილებს

60f989a8867fb
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.21 09:40
1299
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს მთავრობას სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ფონდის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელება “კრიტიკულად მნიშვნელოვანია”.

სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიებში მთლიანობაში 56,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ კომპანიების ფინანსური შედეგები სავალალოა. 2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიებმა ჯამში 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. კიდევ უფრო დიდი იყო ზარალი 2018 წელს და 816 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა იყო ამ კომპანიების მოგება-ზარალი 2020 წელს, თუმცა ცნობილია რომ “საქართველოს რკინიგზამ” გასულ წელს 164 მილიონით იზარალა, “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” ზარალი კი 382 მილიონი ლარი იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება ფაქტს, რომ ფინანსთა სამინისტრო ფისკალური რისკების ანალიზში სახელმწიფო კომპანიებიდან მომავალ რისკებს ითვალისწინებს. თუმცა, IMF-ი მიუთითებს, რომ რისკების დათვლასთან ერთად მნიშვნელოვანია თავად ამ კომპანიების მართვის რეფორმა.

“ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს ფისკალური რისკების ანალიზს, აღნიშნულზე დაყრდნობით უნდა გაგრძელდეს ძალისხმევის მიმართვა ფისკალური რისკების მართვასა და თავიდან აცილებაზე. ამ მიზნების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოთა მართვის ყოვლისმომცველი რეფორმა,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

სახელმწიფო საწარმოებთან ერთად სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ მაღალი რისკის შემცველია სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პროექტები ენერგეტიკის სექტორში, სადაც მთავრობას PPA - ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ფონდი მიუთითებს ფაქტზე, რომ ამ პროექტების განხორციელების შემდეგ მთავრობას დიდძალი ფინანსური რესურსის დახარჯვა შეიძლება მოუწიოს.