მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლი სამწუხაროდ არ ხდება - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

61dacafb66300
ელენე გოგბერაშვილი
10.01.22 09:50
629
საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლი სამწუხაროდ არ ხდება - ამის შესახებ  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ბიზნეს გაერთიანება აცხადებს, რომ 2021 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. უმთავრესი, მათი შეფასებით, არის პანდემია, შემდგომ ლარის კურსი და აღურიცხავი საწვავის პრობლემა. კიდევ ერთ გამოწვევად სექტორი საწვავის ხარისხის კონტროლს ასახელებს.

"მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით, რასაც თავის მხრივ მოჰყვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც მოხდა ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა წლის ბოლოს ის შედარებით გამყარდა და დასტაბილურდა.

ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი არის აღურიცხავი დიზელის საწვავის არსებობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფასთაშორის სხვაობასთან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. კერძოდ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ავზებით ხდება დიზელის საწვავის შემოდინება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად ცდილობენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

ასევე შეიძლება მნიშვნელოვან გამოწვევად ჩაითვალოს საწვავის ხარისხთან დაკავშირებული ვითარება. ეს ეხება როგორც ბენზინს (A-91 ოქტანის), ასევე დიზელის საწვავს. საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლის განხორციელება როგორც იმპორტირებულ, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება"-აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

ნავთობპროდუქტების სექტორისათვის მთავარი გამოწვევა მთელი წლის განმავლობაში იყო ასევე ნავთობის მზარდი ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისიდან (27 დეკემბრის მონაცემებით) ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე გაიზარდა 27.51 დოლარით/ბარელზე ანუ 53.8 პროცენტით და შეადგინა 78.60 დოლარი/ბარელზე.