მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები „საირმეს“ გაფიცულებს შეხვდნენ - გაფიცვის 32-ე დღე

64132d9756a5a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.23 19:07
600
„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ. ინფორმაციას აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

მათი ცნობით, ლაბორმა შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ მხრიდან გაფიცული დასაქმებულების მიმართ პროფკავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის თაობაზე სახალხო დამცველს 20 თებერვალს მიმართა. დღეს კი სახალხო დამცველის წარმომადგენლები ქარხნის წინ შეხვდნენ გაფიცულებს და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

„სახალხო დამცველის აპარატში „საირმე მინერალს ვოთერშის“ გაფიცული თანამშრომლების მიმართვის საპასუხოდ საქმის შესწავლა დაიწყო და წერილობითი მოსაზრებები მიიღო, როგორც განმცხადებლებისგან, ისე დამსაქმებლისგან. ადგილზე დასაქმებულებისგან დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ იმ სავარაუდო უფლებადარღვევებთან და სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მიუთითებენ. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის და ვეცდებით, საბოლოო გადაწყვეტილება მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ“, - განაცხადა ქარხნის ტერიტორიაზე ჩასულმა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.


აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ინფორმაციით, თავად გაფიცულები საუბრობდნენ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებზე, აგრეთვე, იმის შესახებ, რომ აქვთ შიში იმის შესახებ, რომ პროფკავშირის გარეშე შეთანხმების შემთხვევაში დამსაქმებელი მათ გაათავისუფლებს.

"ლაბორი" იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ შეფასებას მისცემს შპს საირმე მინერალ ვოთერსის კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულ ქმედებებს“, - აცხადებენ პროფკავშირში.


ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვდა შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას. გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. კომპანიის მხრიდან კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის მზაობის შემდეგ, „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხანაში 7 მარტს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ჩართულობით მოლაპარაკება შედგა, სადაც კომპანიამ დასაქმებულთა მოთხოვნის საპასუხოდ შრომის ახალი პირობები შესთავაზა, თუმცა ეს პირობები გაფიცულებისთვის მისაღები არ იყო. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, კომპანიის მენეჯმენტი დღეს უკვე გაფიცულებთან მოლაპარაკებებს აღარ განიხილავს და საკითხის გადაწყვეტას სამართლებრივი გზით გეგმავს. კომპანია პროცესების დარეგულირებისთვის სახელმწიფოს ჩართულობასაც ითხოვს. 

გაფიცულების უფლებების დამცველი აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე ამბობს, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის შეთანხმება შეიძლება შედგეს, თუმცა არა ულტიმატუმის ენითა და ამ პროცესიდან პროფკავშირების გათიშვით.