მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახდეპის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის $121 მლნ-ის დახმარებას მოიცავს

60b1fc0a2307b
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.21 12:36
1382
გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპატრამენტის 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლშიც აშშ-ის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების შესახებ არის საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო აშშ-ისგან $120.6 მილიონის მოცულობის დახმარებას მიიღებს, რაც 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით $11.4 მილიონი დოლარით ნაკლებია. თანხის შემცირება ძირითადად სამხედრო დაფინანსების ბიუჯეტის კორექტირებას უკავშირდება. თუკი 2021 წელს სამხედრო დახმარება $40 მილიონით განისაზღვრება, 2022 წელს ის $25 მილიონით არის განსაზღვრული.

დახმარების ძირითადი კომპონენტის - დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის მიმართულებით კი აშშ-ის დახმარება იზრდება და ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტით $88 მილიონი დოლარით განისაზღვრება, რაც 2021 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით $5 მილიონი დოლარით მეტია.

ცალკეული მიმართულებების მიხედვით აშშ-ის დახმარების ბიუჯეტი ასეთია:

● ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის გამოსაყოფი დახმარების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის მიიმართოს - $88 მილიონი აშშ დოლარი;
● საერთაშორისო ნარკოტიკული კონტროლისთვის - $4.4 მილიონი აშშ დოლარი;
● ანტიტერორისტული პროგრამების მხარდაჭერისთვის - $1 მილიონი აშშ დოლარი;
● საერთაშორისო სამხედრო განათლების და ტრეინინგისთვის - $2.2 მილიონი აშშ დოლარი;
● საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის - $25 მილიონი აშშ დოლარი.

დახმარების ძირითადი ნაწილის - $88 მილიონი დოლარის განმარტებაში ნათქვამია:

“აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის განვითარებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად; ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდას; ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და მოსახლეობის ინტეგრაციას, რომელიც რუსეთის მავნე ზეგავლენას განიცდის", - ნათქვამია დოკუმენტში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიას წარმოადგენს, შესაბამისად, მასში კონგრესი და სენატი ცვლილებებს შეიტანენ.

2021 ფისკალური წლის ბიუჯეტში, რომელიც საქართველოსთვის $132 მილიონიან დახმარებას მოიცავს არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტს სენატისთვის დაევალა, წარედგინა ანგარიში იმის თაობაზე თუ რა ვითარება იყო საქართველოში კანონის უზენაესობის, დემოკრატიზაციის პროცესისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.