21.იანვარი .2021 09:00

სახელმწიფო პენსია და მისი რეფორმა - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

სახელმწიფო პენსია და მისი რეფორმა - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი
views 1557
უკან

პენსია, როგორც წესი, შემწეობის ფორმაა, რომელსაც სახელმწიფო განსხვავებულ მიზეზთა გამო უხდის ადამიანებს. საქართველოში ყველაზე მაღალი სოციალური მნიშვნელობით და მიმღებთა რაოდენობით ასაკობრივი პენსია გამოირჩევა. ბოლო ორ წელიწადში ასაკობრივი პენსიის მიმართულებით რამოდენიმე ცვლილება განხორციელდა, ეს ცვლილებები პენსიის დაგროვებითობის და ინდექსაციის წესებს ეხებოდა, თუმცა, მანამდე ზოგადი ინფორმაციისათვის გეტყვით, რომ 2005 წლის შემდეგ პენსიონერთა რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 3%-ით იზრდება, პენსიონერთა რაოდენობის ზრდა შემდეგ 5-7 წელში კიდევ უფრო დაჩქარდება, რადგან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფი (50-60 წლის მოქალაქეები) პენსიაზე გასვლას დაიწყებენ. 2020 წლის აპრილის მონაცემებით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 770,3 ათასს აღწევს.

გარდა პენსიონერთა რაოდენობის ზრდისა, სახელმწიფო საპენსიო ბიუჯეტის ზრდას თავად პენსიების მატებაც იწვევს.
2004 წელს პენსიის მოცულობა 14 ლარს შეადგენდა, 2012 წლისათვის 125 ლარს, დღეს კი, მინიმალური ასაკობრივი პენსია 240 ლარია, რაც 2004 წლიდან პენსიის 17-ჯერ ზრდას ნიშნავს.

ფულის ინფლაციურობის და მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების გამო, არამარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც მთავრობებს ფაქტობრივად ყოველწლიურად უწევდათ საპენსიო ხარჯების ზრდა, დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილებამ და ხანდაზმულთათვის უკეთესი ცხოვრების პირობების შეთავაზების სურვილმა ქვეყნები ახალი რეფორმების გზაზე დააყენა. ეს რეფორმები უზრუნველი სიბერის შესაქმნელად პირადი დანაზოგების შექმნას გულისხმობს.

ცვლილებები განვითარებულ ქვეყნებში რამდენიმე ათწლეულის წინ მოხდა, აშშ-სა და ბრაზილიაში კი, საერთოდაც გასული საუკუნის პირველ ათწლეულში დაიწყო; დღეს საპენსიო ფონდი და მასში შენატანების განხორციელება საქართველოში დასაქმებული მოქალაქისთვისაც ყოველდღიურობას წარმოადგენს.

აღნიშნული რეფორმა განხორციელებულ ფინანსურ რეფორმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, მოსახლეობისგან კი გრძელვადიან ნდობას მოითხოვს. ქალების შემთვევაში მოქალაქე თუ 18 წლის ასაკში იწყებს მუშაობას და შესაბამისად, ამ დროიდან ახორციელებს პირველ საპენსიო შენატანსაც, ის აღნიშნულ თანხას 42 წლით საპენსიო სააგენტოს მართვაში გადასცემს, მამაკაცების შემთხვევაში კი, ლოდინის პერიოდი საერთოდაც 47 წელია. ანუ 42 ან 47 წლის განმავლობაში ველოდებით იმ თანხის მიღებას, რომელიც სახელმწიფომ ჩვენგან შეაგროვა, ჩვენს უზრუნველ სიბერეზე ზრუნვის მოტივით, თუმცა არ დაგავიწყდეთ ამ ლოდინის გამო დაგროვებულ თანხას სარგებელი ემატება, დღეს კი, ეს სარგებელი ზუსტად საბანკო ანაბრის პროცენტის იდენტურია.

ფაქტი, რომ რაც განვითარებულ ქვეყნებში გაკეთდა, ჩვენთანაც კეთდება, თითქოს კარგია, თუმცა აქ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებაც აუცილებელია - სხვათა შემთხვევაში როგორია საპენსიო ასაკი, საშუალო შემოსავალი და როგორია იგივე მაჩვენებლები საქართველოში, როგორია საპენსიო ფონდში არსებული შენატანების პროცენტული მოცულობა და რა თანხა რჩება დასაქმებულს ცხორებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს აღნიშნული ბლოგის განსახილველი საკითხი არ გახლავთ, მოკლედ ვიტყვი, რომ აღნიშნულ ქვეყნებში საპენსიო ასაკი, დაახლოებით, იგივეა და ქალების შემთხვევაში 60 წელთან ხოლო მამაკაცების შემთხვევაში 65 წელთან ახლოსაა, ასეთ ქვეყნებში არსებული საშუალო შემოსავალი მინიმუმ 6-ჯერ აღემატება საქართველოში არსებულ იგივე მაჩვენებელს, ცხოვრების ღირებულებაში კი, მსგავსი დამოკიდებულება არ გვხვდება.

საპენსიო ცვლილებების ნაწილში, გარდა დაგროვებით პენსიისა, ასევე მიღებულია პენსიის ინდექსაციის კანონი, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ საბაზისო პენსია ყოველწლიურად ინფლაციას და ეკონომიკურ ზრდაზე დამოკიდებული ფორმულით გაიზრდება. ამასთან, კანონში არსებული დათქმით, 70 წლამდე პენსიონერთათვის პენსიის ზრდა მინიმუმ 20 ლარი, 70 წელზე ხანდაზულებისთვის კი 25 ლარი იქნება.

საპენსიო სააგენტო

საქართველოში საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირება 2019 წლის 1 იანვრიდან იწყება; სწორედ ამ დროს ამოქმედდა სქემა რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებელის და მთავრობის მხრიდან მოქალაქეთა შემოსავლის 2-2% შენატანებს ითვალისწინებს. 2021 წლის 1 იანვრისთვის საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე აკუმულირებული თანხა 1.2 მილიარდი ლარია. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართულია 1 მილიონზე მეტი ადამიანი, დარიცხული სარგებელი 103 მილიონი ლარია, აკუმულირებულ თანხაზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი კი, 10.9% გახლავთ.

სააგენტოს ორგანიზაციის სტრუქტურის მიხედვით, უმაღლეს საფეხურზე სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოა.

სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა:

• ნათია თურნავა - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
• ივანე მაჭავარიანი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
• ეკატერინე ტიკარაძე - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
• ოლივიერ რუსსო - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა:

• ოლივიე რუსსო - 2011 წლიდან საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.
• ჟან-ფრედერიკ პოლსენი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
• ტიმო ვიჰერკენტა - 2015 წლიდან არის ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
• მაიკლ რიდლი - ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველია საბანკო სისტემის სტრუქტურისა და ისლანდიის სუვერენული ფონდის საკითხებში.

შესაბამისად, ამ საბჭოების შემადგენლობა შთამბეჭდავია, რადგან საბჭოების წევრთა შორის სამი მოქმედი მინისტრი გვყავს, მათ გარდა არსებულ წევრებს კი, ამ მიმართულებით მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.

სწორედ საინვესტიციო საბჭოს ამ შემადგენლობამ შეიმუშავა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც ორი წელი მოანდომეს.

საპენსიო სააგენტოს მიხედვით, აკუმულირებული თანხის განთავსება 2023 წლამდე კვლავ დაბალრისკიან ინსტრუმენტებში მოხდება, 2023-ის შემდეგ კი, საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილეს თავად შეეძლება განსაზღვროს თუ როგორი რისკის მქონე პორტფელში სურს საპენსიო დანაზოგის ინვესტირება, დაბალ, საშუალო თუ მაღალრისკიანში.

დაბალრისკიანი ინსტრუმენტები, სადაც დღეს საპენსიო დანაზოგებია განთავსებული, საბანკო სარგებლიანი ანგარიშები, სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი დეპოზიტებია. კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის საპენსიო სააგენტო, სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესის დასრულებას ელოდება, სავარაუდო საბოლოო ვადა კი, 2021 წლის 1 თებერვალია. დეპოზიტარის შერჩევამდე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები პანდემიის ფონზე ბანკებისათვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის კარგი საშუალებაა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის დამატებით გარანტორად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

საპენსიო სააგენტოს თითქოს ორგანიზებულ სინამდვილეში კი, ცოტა გაუმართავ და გაჭიანურებულ მუშაობის პროცესს პანდემიაც დაემატა. COVID-19-ის პანდემია ჯერ ისევ ძლიერად უტევს მსოფლიოს და მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა; ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიურმა გავლენამ მოქალაქეებში საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნა გააჩინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე აკუმულირებული თანხის მოქალაქეთათვის დაბრუნებას გულისხმობდა. გაჩნდა კითხვა: მაშინ როდესაც მთავრობა 200 და 300 ლარიანი დახმარებებით ეხმარება მოსახლეობას, ხომ არ სჯობს, მსგავსი ეკონომიკური კრიზისის დროს მოქალაქეებს მიეცეთ საკუთარი საპენსიო დანაზოგს გამოყენების შესაძლებლობა? ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილ დახმარებასაც მხოლოდ გარკვეული კატეგორია იღებს და სავარაუდოა, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მიუხედავად მათი საჭიროებისა მთავრობის დახმარების პროგრამებში უბრალოდ ვერ ხვდებიან.

აღნიშნული საკითხი პარლამენტში ოპოზიციის ყოფნის პერიოდში საპარლამენტო ტრიბუნიდანაც გაჟღერდა, თუმცა დღეს წყლის ექსპორტის საკითხი მეტად პრიორიტეტული აღმოჩნდა და დეპუტატებიც სწორედ მსგავსი კითხვებს სვამენ და ასეთივე საკითხების განხილვას ითხოვენ. ისევ ჩვენზე, მოსახლეობაზე და გლობალურ პრობლემაზე, დედამიწაზე სუფთა წყლის შეზღუდულ რესურსზე ფიქრის გამო, თორემ თვითონ არც წყალი უჭირთ და არც ფული.

ეკონომიკური კრიზისის გამო, საპენსიო დანაზოგების დაბრუნებაზე დასმულ კითხვებს მთავრობისგან მოჰყვა გამოხმაურება. მათ მოქალაქეებს უთხრეს, რომ „არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა“. არგუმენტი კი შემდეგი იყო, რომ პანდემია მოკლევადიანი პრობლემაა, რის გამოც საპენსიო რეფორმას ჩრდილი არ უნდა მიადგეს, არადა ჩრდილის გარეშე და ამ იდეის ერთგულებითაც ვფიქრობ შესაძლებელი იყო რაიმე გამოსავლის ნახვა, თანხის მსურველებს აეღოთ თავიანთი საპენსიო დანაზოგი, დანარჩენებს კი, დაეტოვებინათ კვლავ საპენსიო სააგენტოს მართვაში. თქვენც ის იფიქრეთ, რომ მასე ხომ ყველა გაიტანდაო?
იქნებ შევცდით?
იქნებ ჯერ ეგ დრო არ მოსულა 200 და 300 ლარიანი შემოსავლის მქონე ხალხს 2% „შევუნახოთ“ მათზე ზრუნვის მოტივით?

მთავრობაც ფიქრობს, რომ შეცდომები ყველას მოსდის და ამ მოტივით იგივე საპენსიო სააგენტო პროფესიული შეცდომების დასაზღვევად დაზღვევას ქირაობს, მაგრამ იქნებ მანამდე შევცდით?

ნომერ პირველ პრიორიტეტად ადამიანის და მისი ინტერესების დამსახელებელი მთავრობისაგან გამკვირვებია, თორემ ისტორიას კი ახსოვს იდეის ერთგული და ლოგიკას მოკლებული საჯარო მოხელეები.

რეალობა ასეთია: ეკონომიკას შემდეგ 42 თუ 47 წელიწადში კიდევ მრავალი კრიზისის შთანთქმა თუ გაძლება მოუწევს, შემდეგი კრიზისებისას საპენსიო დანაზოგების მოცულობა კიდევ უფრო მეტი იქნება, ასევე მარტივად დასანახი იქნება ინფლაციის გავლენა ჩვენს საპენსიო დანაზოგებზე, იმ დროისათვის კი უფრო ძლიერი და სისტემური გახდება მოსახლეობის მოთხოვნა მიიღონ საკუთარი ფული, იგივე პასუხი: „ არ დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა“, სავარაუდოდ, ვეღარ იმუშავებს.

ჩვენ ყველას ეკონომიკური სასწაულების იმედი გვაქვს, თუმცა ამ იმედის არც საფუძველი და არც რაიმე ლოგიკური დასაყრდენი არ არსებობს, ასე კი ეკონომიკური სასწაულები არ ხდება.

საპენსიო ფონდების გავლენა კაპიტალის ბაზარზე

კაპიტალის ბაზარსა და მის როლზე ქვეყნის ეკონომიკაში წინა ბლოგში შევეხეთ, ასევე, ვისაუბრეთ თუ რა მდგომარეობაშია კაპიტალის ბაზარი საქართველოში. ახლა კი იმაზე, თუ როგორ შეუძლია სურათის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის მასტიმულირებლის როლში ყოფნა, საპენსიო სააგენტოს და მის მიერ აკუმულირებულ თანხას.

2019 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით, საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე შეგროვებული თანხის მიხედვით (1.2 მლრდ ლარი) ვხვდებით, რომ საპენსიო ფონდის ფინანსური აქტივები მოცულობით დიდი დანაზოგია, მისი სწორად გამოყენება დადებითად უნდა აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე, ის დამატებითი დოვლათის შექმნის წინაპირობა უნდა იყოს.

ზოგადი მოსაზრებაც საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით იდენტურია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა და შესაბამისად მიღებული დანაზოგი ხელს შეუწყობს ეროვნული დანაზოგების და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება. თითქოს ეს ლოგიკური მოცემულობაა, მაგრამ ეკონომიკაში ყველაფერი ასე სწორხაზოვნად როდია მით უფრო, როცა საქმე საქართველოს ეხება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ადამიანთა ქცევა მკაცრად განსაზღრული არ არის, ეს მოცემულობა კი ბევრ რისკსა თუ საფიქრალს აჩენს, ასევე, შეიძლება მრავალი პროცესის შემცვლელი, შემაფერხებელი თუ ამაჩქარებელიც კი გახდეს.

ის რომ საპენსიო ფონდი ეკონომიკის განვითარების მასტიმულირებლად შეიძლება გამოდგეს შემდეგი მიზეზებით აიხსნება, რეალურად საპენსიო ფონდის სახით ჩნდება დიდი მოცულობით ფულადი დანაზოგი, რომელიც ინვესტირების საშუალებაა, ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საპენსიო ფონდებს გრძელვადიანი ინვესტირების შესაძლებლობა აქვთ, ფულის ბაზრისათვის მიწოდების ბერკეტად კი საფონდო ბირჟა გვევლინება. ამ ორმა მოცემულობამ და შესაბამისმა ქცევამ სხვა თანაბარ პირობებში პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს საფონდო ბირჟის აქტივობასა და ლიკვიდურობაზე, რამაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უნდა გაზარდოს გარიგებების რაოდენობა და ჯამური ვაჭრობის მოცულობა.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, თანხის ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიებში ინვესტირება მოხდება როგორც დაბალი, ასევე, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელების შემთხვევაში, დამოკიდებულება კი შემდეგნაირი იქნება:

საქართველოს საფონდო ბირჟის გავლით ვაჭრობის გააქტიურებამ და ლიკვიდურობის ზრდამ გარკვეული ცვლილებები უნდა გამოიწვიოს, რომელიც ბაზრის კონცენტრაციის ცვლილებებისაკენ უნდა წავიდეს. აღნიშნული ყველაზე მეტად საბანკო მიმართულებას უნდა შეეხოს. მოთხოვნისა და შემოსავლების ზრდამ, სავარაუდოდ, უნდა გაზარდოს საინვესტიციო ბანკების როლი, ასევე კაპიტალის ბაზრის აქტივობამ კომერციულ ბანკებს უნდა განასაზღვრინოს კონკურენტული საპროცენტო განაკვეთები, როგორც სასესხო ასევე სადეპოზიტო პროდუქტებზე. ლოგიკურად საპენსიო სააგენტომ და კაპიტალის ბაზარზე მისმა მოსალოდნელმა აქტივობებმა უნდა გააუმჯობესოს კორპორაციული მართვის სტანდარტებიც, რადგან მათი მხრიდან ინვესტირებული თანხები სწორედ მაღალი კორპორაციული მართვის სტანდარტის მქონე კომპანიებში უნდა მოხვდეს. ეს მოლოდინი აქვთ საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებსაც, ამაზე მეტყველებს მათი ბოლოდროინდელი აქტივობებიც.

საპენსიო ფონდმა და ბირჟაზე მისმა ინვესტირებებმა ასევე უნდა გაამყაროს ინვესტორების უსაფრთხოება და საზოგადოების ნდობა კაპიტალის ბაზრის მიმართ. სააგენტოს მიმართ არსებული მოლოდინები და შესაბამისი მიმართულებების ბიზნესთა ქცევა ანვითარებს ინვესტირების მიმართულებით არსებულ ინფრასტრუქტურას. როგორც წესი მსგავსი აქტივობების პარალელურად ხდება ფინანსური ინოვაციებისკენ დაინტერესების ზრდა, ფინანსური რეგულაციების გაუმჯობესება და ფასიანი ქაღალდების ბაზრების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რაც ზოგადად ფინანსური ბაზრის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ხელშემწყობია. გარდა კაპიტალის ბაზარზე მოქმედი ფაქტორებისა, ასევე, სავარაუდოა, რომ გაიზარდოს დასაქმების ლეგალურობა, რაც დასაქმებულის ინტერესიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, მიიღოს საპენსიო დანაზოგი, რომელსაც არამხოლოდ საკუთარი ჯიბიდან, არამედ დამსაქმებლისა და სახელმწიფოსგანაც იღებს.

თუმცა აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ სად ვართ, როგორია საპენსიო სააგენტოს ქცევა, როგორია მოსახლეობის ფინანსური ქცევა, როგორია ფინანსური ბაზრების არსებული მდგომარეობა და ფინანსური განათლების დონე, როგორია ინფლაციის მაჩვენებელი და როგორ შეიძლება შეიცვალოს ის. ასევე, როგორია ჩემი როგორც მოქალაქის მოლოდინი, დღეს „უზრუნველი სიბერისთვის“ დაზოგილი 1 ლარიდან ,პენსიაზე გასვლისას მსყიდველთუნარიანობის გათვალისწინებით რას მივიღებ? ისევ 1 ლარს, 1.2 ლარს თუ საერთოდაც 60 თეთრს?! 

1 ლარი 1ლარია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ინფლაციის გამო დროში მისი ღირებულება ცვალებადია.

საპენსიო სააგენტოსგან არ ვიცით, რა იქნება სავარაუდო პროცენტული ამონაგებები თითოეული რისკიანობის პორტფელის შემთხვევაში, ასევე რომელ კომპანიებს ექნებათ აქტივების მმართველი კომპანიების სტატუსი, თუმცა 2023 წლამდე ანუ საპენსიო თანხების სხვადასხვა რისკიანობის პორტფელებში განთავსებამდე ჯერ კიდევ ორი წელია და საპენსიო სააგენტოს გამოცდილებით, ახალი დოკუმენტების შექმნას, დაახლოებით, ეს დრო დასჭირდება.

ერთი საინტერესო კვლევის შედეგებს გაგაცნობთ, რომელსაც „გლობალური საპენსიო ინდექსი“ ჰქვია.

ამ ინდექსში რამოდენიმე საკითხის გათვალისწინება ხდება, როგორებიცაა, საპენსიო სისტემის სამომავლო მდგრადობა, საზოგადოების ნდობა და უფრო მაღალი ნდობის მიღწევის შესაძლებლობა. ქვეყანათა ჩამონათვალში საქართველოს საერთოდ ვერ შეხვდებით, თუმცა საინტერესოა თუ რომელ ქვეყნებს აქვთ დღეს გამორჩეული საპენსიო სისტემა.

პირველ ადგილზე 82.6 ქულით ნიდერლანდებია. 2019 წლის შედეგთან შედარებით მისი მაჩვენებელი გაზრდილია რაც ძირითადად საბაზისო პენსიის ზრდით არის განპირობებული. მიუხედავად მიმდინარე რეფორმირებისა, სამივე ნაწილში აქვს საუკეთესო მაჩვენებლები. აქ მოქმედებს როგორც მინიმალური ასევე დაგროვებით პენსია, შედეგად საპენსიო უზრუნველყოფა მოქალაქეს როგორც პირადი, ასევე, დამსაქმებლის მხრიდან გაწეული შენატანითა და სახელმწიფოს მიერ გაცემული მინიმალური პენსიით განისაზღვრება.

მეორე ადგილზე 81.4 ქულით დანიაა. 2019 წლის შედეგთან შედარებით მისი მაჩვენებელიც გაუმჯობესებულია, რაც სამივე კატეგორიაში მცირედი ზრდებით არის გამოწვეული. სისტემის ზოგადი ინდექსის გაზრდა შესაძლებელია შინამეურნეობათა დაზოგვის დონის ამაღლებითა და ვალდებულებათა შემცირების ხარჯზე. აქ მოქმედებს სახელმწიფო პენსია და ასევე ნებაყოფლობითი დაგროვებით სისტემა, პენსია მოქალაქის შრომითი სტაჟისა და ქვეყანაში ნაცხოვრები წლების მიხედვით ანგარიშდება.

მესამე ადგილზე 74.7 ქულით ისრაელია. საპენსიო შემოსავლის სისტემა მოიცავს სახელმწიფო პენსიას და კერძო პენსიას სავალდებულო შენატანებით დამსაქმებლისა და დასაქმებულის მხრიდან. ისრაელის ინდექსის მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლებელია, კერძო საპენსიო ფონდებში შენატანების მოცულობის ზრდით.

ჩვენ კი დაველოდოთ 2023 წლის 6 აგვისტოს, როდესაც მოქალაქეებს არჩევანის შესაძლებლობა მიეცემათ თუ რა კატეგორიის საპენსიო პორტფელში სურთ თანხების დაბანდება და ვნახოთ “მერე რა იქნება”. ისე კი, დაგროვების კულტურის შესაქმნელად, ბიუჯეტში საპენსიო დანახარჯების წილის მუდმივი ზრდის შესაჩერებლად შესაბამისად დასაქმებულებზე საპენსიო ტვირთის ყოველწლიურად შესამსუბუქებლად რეფორმა ლამაზად ჩანს, თუმცა აუცილებელი და გასათვალისწინებელია სავალუტო რისკები, იძულებითი არჩევანის საკითხი, ეფექტური რეგულაციისა და ზედამხედველობის მნიშვნელობა და არაეფექტიანი ხარჯვის საფრთხე.

საქმე რთულია, თუმცა დაზღვეულია.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა