მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროგრამებში უნდა იყოს დათქმა: ვინც პროდუქტს რუსეთში გაიტანს, მთავრობა არ დაეხმარება – ნამჩავაძე

6262d2adbccc3
სალომე ჭიპაშვილი
23.04.22 14:00
1176

„ჩვენმა მთავრობამ სულ რომ არაფერი გააკეთოს, ან პირიქით, სცადოს, რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა, ამ ქვეყანაზე ჩვენი დამოკიდებულება მაინც შემცირდება,“ - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გარდაუვალია რუსეთში დაწყებული კრიზისის გამო.

"ოკუპანტ ქვეყანაში ექსპორტი განახევრდა, ფულად გზავნილებშიც დიდი შემცირებაა, საქართველოში ინვესტირებისთვის ფული არ ექნებათ და ა.შ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად მცირდება. ეს მოხდა 2014-15 წლებში უკრაინაში პირველი ომის დროს, ეს მოხდა პანდემიის დროსაც და ეს ხდება ახლაც“ - აღნიშნა ბესო ნამჩავაძემ.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა არასამთავრობოების მიერ მთავრობისთვის მომზადებული რეკომენდაციების გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ომის დამთავრების შემდეგ რუსეთზე ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ  ზრდა აღარ დაიწყოს.

„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას რაიმე გაეკეთებინა რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად, ომი ერთი კვირის დაწყებული იყო, როდესაც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ტრაბახით თქვა: „ ჩვენმა მთავრობამ შეძლო და რუსული ბაზარი დაიბრუნა.“ ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი და მორალისგან დაცლილი ლოგიკა,“ -განაცხადა ნამჩავაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ რუსეთში პროდუქციის გატანა დიდი რისკია და მხოლოდ მთავრობის იმედზე არ უნდა იყვნენ. სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებს უნდა ჰქონდეთ დათქმა: ის ბიზნესები, რომლებიც პროდუქციას ექსპორტზე რუსეთში გაიტანენ, დახმარებას ვერ მიიღებენ.

„მთავრობა უნდა დაეხმაროს იმ ბიზნესს, რომელიც პროდუქტებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში გაიტანს, განსაკუთრებით დასავლეთის მიმართულებით,“ - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.