მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის ეტაპზეა - დავით მირცხულავა

62a8576d327dc
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 14:08
3720
სახელმწიფო ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის ეტაპზეა - ამის შესახებ დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ BM.GE-ს მსხვილი ჰიდროპროექტების სახელმწიფოს მიერ შესრულებაზე საუბრისას განუცხადა.

დავით მირცხულავა განმარტავს, რომ სახელმწიფო მსხვილ ენერგოპროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე იქნება ჩართული, რაც ინვესტორისთვის „მწვანე შუქის“ ანთებისთვის პროექტის მომზადებას გულისხმობს. კითხვაზე - უნდა ასრულებდეს თუ არა სახელმწიფო ამ პროექტებს სრულად, დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერის განცხადება არასწორად იყო აღქმული და სახელმწიფო ამ მნიშვნელოვანი პროექტების შესრულებაში წილობრივად იქნება ჩართული.

„სახელმწიფო ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის ეტაპზეა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინვესტორი გავა ამ პროექტებიდან და სახელმწიფო ამ სამუშაოებს შეასრულებს, თუმცა პერსპექტივაში ეს არ იქნება სრულიად სახელმწიფო სადგურები. სახელმწიფო, საწყის ეტაპზე, უმნიშვნელოვანეს სამუშაოებს შეასრულებს - ეს არის ნებართვები, სოციალური საკითხების მოგვარება, მოლაპარაკებები მოსახლეობასთან, რაც რეალურად ინვესტორს ამ პროექტების შესრულებისთვის მწვანე შუქს მისცემს. სახელმწიფო გარკვეული პროცენტით იქნება ყველა ამ პროექტში და ეს ინვესტორების ამ პროექტებში თამამად შემოსვლას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა მირცხულავამ.

შეგახსენებთ, რომ Trans Electrica BVI-სა და Trans Electrica Georgia-სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა, თუმცა პროექტის განვითარება, ფაქტობრივად, გაჩერებულია.