მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების ხელფასი არასდროს იმატებს, ენთუზიაზმზე მუშაობენ - ლევან იოსელიანი

633c0e9d0b7cc
ინგა მურუსიძე
04.10.22 14:43
519
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სახელოვნებო სკოლების პედაგოგები ფაქტობრივად ენთუზიაზმზე ასწავლიან ბავშვებს, რადგან მათი ხელფასები მინიმალურია. ამის შესახებ იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი იზრდება 125 ლარით, რაც ძალიან კარგია, მასწავლებლები ბევრად მეტსაც იმსახურებენ. მაგრამ მინდა ბატონ ღარიბაშვილს შევახსენო, რომ 125 ლარი საერთოდ არ აქვთ მუსიკის მასწავლებლებს, ხატვის მასწავლებლებს და სახელოვნებო სფეროში დასაქმებულ სხვა მასწავლებლებს. ეს ადამიანები არიან უბრალოდ მიტოვებულები, მათზე არავინ საუბრობს. დისკრიმინაციული მიდგომაა, როდესაც ყველას რაღაცა ემატება, საჯარო მოხელეებს 10%-ით ეზრდებათ ხელფასი და ამ ხალხს არასოდეს არაფერი ემატება. მათ ფაქტობრივად ხელფასი არ აქვთ, ენთუზიაზმზე მუშაობენ და ასწავლიან ჩვენ შვილებს - ხატვას, მუსიკას და სხვა. ამაზე არავინ საუბრობს. არაერთხელ მქონდა მცდელობა, ეს თემა გამეაქტიურებინა, ყველა საქმის კურსშია, ყველა მეთანხმება, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ იდგმება.

სკოლის მასწავლებლებს აქვთ პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სისტემა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გამოდის, რომ მუსიკის მასწავლებელი არც კარიერულად და არც პროფესიულად არ უნდა განვითარდეს, მათ საერთოდ მასწავლებლის სტატუსიც კი არ აქვთ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. არ მესმის, რატომ არის, პირობითად, ისტორიის ან ბიოლოგიის მასწავლებელი, - მასწავლებელი და ფორტეპიანოს ან ხატვის მასწავლებელი არ არის მასწავლებელი?! რადგან ეს ხალხი გზებს არ კეტავს და ქვებს არ ისვრის, ხომ არ შეიძლება მათი ყველაფრისგან გარიყვა? ბევრჯერ მივმართე განათლების მინისტრს და ფინანსთა მინისტრს. საუბარია დაახლოებით 5 მილიონ ლარზე, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას ასე თუ ისე მოაგვარებს, მაშინ როცა ასეულობით მილიონი ლარით იზრდება მთელი რიგი მიმართულებებით დაფინანსება. დღეს ეს ადამიანები რასაც იღებენ, ამას ხელფასი არ ჰქვია. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ დავკარგოთ შესაძლებლობა, ჩვენმა შვილებმა მიიღონ განათლება ამ მიმართულებით? ამ ქვეყანაში ეს საკითხი ბევრს აწუხებს, მათ შორის მეც. ამ ადამიანებს არაფერი არ ეხებათ არც დღეს, როდესაც დაანონსებულია მასწავლებლების ხელფასების ზრდა, სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების შემოსავალზე ეს არანაირად არ აისახება,“ -განაცხადა ლევან იოსელიანმა.