მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ინტერნეტიზაციის ფარგლებში გურიაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა დასრულდა - Open Net

60782922d95ba
სალომე მეცხვარიშვილი
15.04.21 16:04
1305
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ოზურგეთში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა დასრულდა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე სახელმწიფო ააიპ-ის Open Net-ის ხელმძღვანელმა მარიამ სულაბერიძემ განაცხადა.

ოზურგეთში პროექტის დასრულების შემდეგ Open Net-ის ხელმძღვანელმა კომუნიკაციების კომისიისგან მოითხოვა ავტორიზაცია მაგისტრალური ქსელის ელემენტებზე, მხოლოდ კომპანიების მომსახურების და არა აბონენტების მომსახურების ნაწილში, რამდენადაც გაცხადებულია, რომ “სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის” ფარგლებში Open Net სხვა ინტერნეტ პროვაიდერებს კონკურენციას არ გაუწევს და მხოლოდ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მართვას განახორციელებს, შესაბამისად, ინტერნეტს მიაწვდის სხვა ოპერატორებს, რომლებიც თავის მხრივ, საცალო მომხმარებლებს მიაწვდიან ინტერნეტს.

“მინდა მოგახსენოთ სასიხარულო ინფორმაცია, დასრულდა Open Net-მა დაასრულა ოზურგეთის საპილოტე რეგიონში მშენებლობა, ქსელი გამართულია და შესაბამისად, მოგმართეთ ავტორიზაციისთვის, საოპერაციო საქმიანობისთვის მზად ვართ. ხშირი კომუნიკაცია გვქონდა ადგილობრივ ოპერატორებთან, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს და ელოდებიან, რომ დავიწყოთ უკვე თანამშრომლობა. მომავალი კვირიდან მზად ვართ, მათ მივაწოდოთ მომსახურება”,- განაცხადა მარიამ სულაბერიძემ.

Open Net-ისთვის ავტორიზაციის მინიჭებას კომუნიკაციების კომისიამ მხარი დაუჭირა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ხელისუფლებამ შარშან სწორედ ოზურგეთიდან დაიწყო. გაცხადებული იყო, რომ პროექტი 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დეკემბრის დასაწყიში საქართველოს მთავრობამ საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის დასრულების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

საპილოტე პროექტი 10-მილიონიანი დაფინანსებით გურიაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა განხორციელდა. პროექტზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ააიპ “ოუფენ ნეტია”, სახელმწიფოს დაკვეთით ქსელს “პარვუს ჯგუფი” აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაფორმდა და მისი მოცულობა 10 მილიონი ლარია.

2020 წლის დასაწყისში მთავრობამ განსაზღვრა, რომ საპილოტე პროექტის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, რომ “პარვუს ჯგუფს” ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ჩაბარების ვადა 2021 წლის 28 თებერვლამდე გადაეწია.

"პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა.

ააიპ „ოუფენ ნეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

საყოველთაო ინტერნეტიზაცია

საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის მთავრობამ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.
2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან.

თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები