მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი გრძელვადიანად საქართველოში მყოფი რუსების დანახარჯებს ტურიზმის ხარჯებში აღარ გაითვალისწინებს

644babb51df45
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.23 15:30
2087
ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის დანახარჯების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ $795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ტურიზმის შემოსავლებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც მიღებულმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში 266 მილიონი შეადგინა. ამასთან, სებ-ი განმარტავს, რომ მათ ტურიზმის დანახარჯების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღეს რუსეთის იმ მოქალაქეთა ხარჯები, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ხნით გეგმავენ დარჩენას (ასეთია რუსეთის მოქალაქეთა 35%). ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა უკრაინის გრძელვადიანად საქართველოში მყოფი მოქალაქეების შესახებაც.

სებ-ის განმარტება რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების ტურისტული დანახარჯების შესახებ:

2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35,5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 23,7% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

რა შეცვალა სებ-მა ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკის დათვლაში:

„ტურიზმის კვლევა ტარდებოდა ძირითად საზაღვრო-გამშვებ პუნქტებზე და გამოიკითხებოდა საქართველოდან გამსვლელი არარეზიდენტების საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს გაწეული ხარჯების შესახებ. ამ გამოკვლევის საფუძველზე დგინდება ერთეული ვიზიტის ხარჯი სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორთათვის, ხოლო ვიზიტთა რაოდენობის განსაზღვრისას ვიყენებთ სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს საქართველოში შემოსვლა/გასვლის შესახებ.

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოგზაურთა სურათი გარკვეულად შეიცვალა და მოგზაურთა დანახარჯების ადეკვატურად შეფასებისათვის საჭირო გახდა დათვლის მეთოდოლოგიაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, კერძოდ: ომამდელ პერიოდებში ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4-7 დღეს (ვიზიტორთა კატეგორიების მიხედვით) მაშინ, როცა ომის შემდგომ პერიოდებში სამი ქვეყნის (რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი) მოქალაქეებისათვის ვიზიტის ხანგრძლიობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაწყვიტა, საქართველოში თვეობით დარჩენილიყვნენ, ზოგიერთმა კი, უფრო ხანგრძლივი პერიოდით (ერთ წელზე მეტი) დარჩენა გადაწყვიტა, და შესაბამისად, რეზიდენტების კატეგორიაში გადაინაცვლა. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, ამ სამი ქვეყნის (რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი) მოგზაურთა დანახარჯები დაეთვალა არა - ვიზიტების რაოდენობის მიხედვით, არამედ მოგზაურთა მიერ საქართველოში გატარებული დღეების მიხედვით, რომელიც უფრო ზუსტ სურათს ასახავს. ამისათვის მოზიდული იქნა სათანადო ინფორმაცია, შეფასდა ერთი ვიზიტორის საშუალო დღიური ხარჯი და ექსპერტული შეფასების საფუძველზე განსაზღვრული იქნა ამ ქვეყნების მოქალაქეების წილი, რომლებიც გახდნენ საქართველოს რეზიდენტები (რომელთა გათვალისწინებაც არ ხდება მოგზაურთა დანახარჯების სტატისტიკაში),”- ნათქვამია სებ-ის მიერ BMG-ისთვის იანვარში მოწოდებულ წერილობით განმარტებაში.

ქვეყნების მიხედვით სრული სტატისტიკა ასე ნაწილდება:

• რუსეთი - 266.4 მილიონი დოლარი;
• თურქეთი - 96.3 მილიონი დოლარი;
• ევროკავშირი - 73.2 მილიონი დოლარი;
• ისრაელი - 60.8 მილიონი დოლარი;
• უკრაინა - 56.2 მილიონი დოლარი;
• სომხეთი - 29.7 მილიონი დოლარი;
• აზერბაიჯანი - 28.2 მილიონი დოლარი;
• ბელარუსი - 24.1 მილიონი დოლარი;
• ირანი - 19.7 მილიონი დოლარი;
• საუდის არაბეთი - 5.6 მილიონი დოლარი;
• დანარჩენი ქვეყნები - 135.2 მილიონი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები