23.სექტემბერი .2020 15:35

სებ-ის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ - კობა გვენეტაძე

views 507
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. 

"ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით, მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც, ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება.

ზემოხსენებული და მსგავსი სულისკვეთების განცხადებები, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს. ამიტომ, სასურველია გავიაზროთ, რომ როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო, უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ"-წერს კობა გვენეტაძე.


შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის მერყეობის შესარბილებლად 13 სავალუტო ინეტვენცია განახორციელა და ჯამში  409,7 მლნ დოლარი გაყიდა. მორიგი ინტერვენცია ცენტრალურმა ბანკმა დღეს დაანონსა. სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარის გაყიდვას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა