მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის საკანონმდებლო მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია, რომელიც სადმე მინახავს - სებ-ის საბჭოს წევრი

62e14d58c3875
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.22 18:35
1414
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ეკა გალდავამ დღეს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე ეროვნული ბანკის საკანონმდებლო მოწყობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, ხოლო განსაკუთრებული ცვლილებები სებ-ის საბჭოს წევრთა ფუნქცია-მოვალეობების გაწერისთვის არის აუცილებელი.

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს უსმენდნენ.

დეპუტატ სანდრო რაქვიაშვილის რამდენიმე კითხვაზე პასუხისას, სებ-ის საბჭოს წევრმა ეკატერინე გალდავამ ისაუბრა იმ ორგანიზაციული პრობლემების შესახებ, რომლებიც ეროვნულ ბანკში არსებობს. მისი თქმით, ქართული კანონმდებლობა ამ მხრივ უცხოურთან შედარებით “ჩამორჩენილია”.

ეკატერინე გალდავა აცხადებს, რომ სებ-ის საბჭოს წევრთა მონაწილეობა ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან დოკუმენტებში გარანტირებული არაა.

“პირველი კითხვა, რომელიც ეხებოდა წლიური ანგარიშის განხილვას და ჩემს ჩართულობას, მოგახსენებთ შემდეგს - მაშინ, როდესაც მე მივედი ეროვნულ ბანკში ანუ ერთი წლის წინ, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობს კანონმდებლობაში და ეს ხარვეზები არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მუშაობასთან დაკავშირებით.

ეს საკითხი დასმული იყო არამხოლოდ ჩემ მიერ, არამედ არააღმასრულებელი წევრების მიერაც, ქალბატონ ეკა მიქაბაძის და ბატონი ნიკო გაგუას მიერ. ეს ხარვეზი, რომელიც არამარტო წევრებს ეხება, არამედ მთლიანად მოწყობას ეხება, არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი, რომელიც მინახავს სხვა ქვეყნებში. მე არ მინდა, რომ ჩემი კრიტიკა და მოსაზრება მიიღოთ პერსონალურად; მე უბრალოდ ყოველთვის ვარ დაჩვეული კოლეგიალურ მუშაობას, აზრის გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღებას. ვიცი, რომ IMF-ის ტექნიკური მისია ადრე თუ გვიან ამაზეც დაიწყებს მუშაობას.

მივმართავ პარლამენტს და მთავრობას, რომ ის ცვლილებები, რომლებიც გასატარებელია იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის კანონი იყოს გამართული, აძლევდეს გამართულად მუშაობის საშუალებას აძლევდეს საბჭოს წევრებს. ასევე აძლევდეს პარლამენტის წევრებს კითხვების დასმის და პასუხის გაცემის შესაძლებლობას.

მოხარული ვიქნები, რომ ფართო საზოგადოება იყოს ჩართული კანონის შესწორებაში და ის ერთპიროვნული მოდელი, რომელიც 2009 წელს იყო დაწესებული, გადაიხედოს და მივიღოთ გამართული და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილი კანონმდებლობა.

რაც შეეხება წლიური ანგარიშის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, ზუსტად  ხარვეზებიდან გამომდინარე, მე თავი შევიკავე წლიური ანგარიშის განხილვის დროს, რადგან თვითონ მთავარი დოკუმენტი რაც არის - ძირითადი მიმართულებები აუცილებლად უნდა იყოს განხილული და დამტკიცებული და ოქმშიც ასახული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ.

ცოტა გაურკვეველია და ხარვეზია კანონმდებლობაში, მე არც კონსტიტუციონალისტი ვარ, არც იურისტი, რომ ერთპიროვნულად გაგცეთ პასუხი, რამდენად სწორია ან არა. მე ვთვლი, რომ მთავარი დოკუმენტი, რომელიც არის ეროვნული ბანკის და მტკიცდება პარლამენტის მიერ, მე როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს მაგ დოკუმენტის მიღებაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების სხდომებში მონაწილეობას, იქ კანონში კარგადაა განმარტებული, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს დისკრეცია დაპატიჟოს განხილვაზე როგორც არააღმასრულებელი წევრები და ექსპერტები. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს, რადგან შემდეგ კომიტეტზე, რომელიც 3 აგვისტოს უნდა ჩატარდეს, ვარ დაპატიჟებული, თუმცა, ეს არის საბჭოზე გამოსატანი მასალაც და უნდა იყოს საბჭოს მიერ განხილული.

რაც შეეხება ინფლაციას და მონეტარულ პოლიტიკას, აქ მაქვს განსხვავებული მოსაზრება. მე ყველანაირად ვიზიარებ და ვცდილობ, ყოველთვის ვიყო კოლეგიალური და ვეცადო მოვნახო გამოსავალი.

ჩემს აზრს მოგახსენებთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მე ალბათ გამოვიყენებდი უფრო სხვა ინსტრუმენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები ბატონ კობას, რომ დოლარიზაცია საკმაოდ დიდი პრობლემაა, და იმ აქტივებზე, რომელიც არა ლარში, არამედ დოლარში არის დენომინირებული, სებ-ს არ აქვს საშუალება რომ თავის ფულად-საკრედიტო პოლიტიკით განაოხრციეელოს და ზემოქმედება მოახდინოს ამ ნაწილზე, ალბათ უკეთესი იქნებოდა რომ სხვა ინსტრუმენტები მოგვენახა და გამოგვეყენებინა, რომლებიც დოლარიზებულ ნაწილზე ზეგავლენას მოახდენდა.

რაც შეეხება თავად რეფინანსირების განაკვეთს, ვეთანხმები, რომ მეტად აღარ გამკაცრდა პოლიტიკა. თავად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის ძალიან მტკივნეულია, ვისაც რეფინანსირებაზე აქვს სესხები მიბმული. ეს არის იპოთეკარი სესხები, სამომხმარებლო სესხები, საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა მისი შემდგომი გაზრდა. მე უფრო მომხრე ვიქნებოდი სხვა ინსტრუმენტების გამოყენების, რომელიც ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა მოსახლეობისთვის.

მესამე კითხვა ეხებოდა უცხოური საფინანსო ინსტიტუტების საქართველოში შემოსვლას, ეს მტკივნეული საკითხია. გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც სოსიეტე ჟენერალი და HSBC იყო შემოსული, ეს დიდი მიღწევა იყო იმ პერიოდისთვის. ყველანაირად უნდა გაგვეკეთებინა, რომ ასეთი ბანკები არ გასულიყვნენ ქვეყნიდან. მცდელობა არ უნდა დაგვეკლო რომ ასეთი დიდი ისტორიის და გამოცდილების მქონე ბანკები ყოფილიყვნენ საქართველოში.

დღესაც მივესალმები იმას, რომ ბაზარი იყოს ღია, არამხოლოდ საფინანსო დაწესებულებები, არამედ ფინტექები იყოს ბაზარზე, რადგან მსოფლიო ძალიან ვითარდება და ამიტომ წინ წასული მოდერნიზებული კომპანიები რამდენადაც უფრო სწრაფად შემოვლენ საქართველოში ძალიან დიდ გავლენას მოახდენენ საპროცენტო განაკვეთის კლებისკენ, რადგან მათ მოაქვთ კულტურა, დიდი თანხები... თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა რეგიონში ძალიან წინ არის წასული და მათი სტაფი ძალიან წინ იყურება და არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო.

არ შემიძლია თავად ბანკების მოგების სტრუქტურა არ აღვნიშნო, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ნაწილი იყო, არასაპროცენტო შემოსავალი, რომელიც 6 თვის განმავლობაში 700 მლნ ლარზე მეტი იყო და ასევე სავალუტო ოპერაციებიდან 300 მლნ ლარს შეადგენდა ეს შემოსავლები. უფრო მოხარული ვიქნებოდი, შემოსავლები ბანკებს ჰქონდეთ, მაგრამ დაკრედიტებისგან და უფრო სხვა სფეროებიდან და არა ასეთი შემოსავლებით,” - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ეკატერინე გალდავა სებ-ის საბჭოს წევრის პოსტს 2021 წლის ივლისიდან იკავებს.