მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: წელს ტურიზმიდან 2019 წლის შემოსავლების 25%-ს ველით

601ce3a3d9895
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.21 10:10
804
2021 წლის განმავლობაში საქართველოს ტურისტული სექტორის ჯამური შემოსავალი იქნება 2019 წლის ტურისტული შემოსავლების 25% - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენი პროგნოზია, რომ წლის მეორე ნახევრიდან გარკვეული აღდგენა იქნება ტურიზმში. თუმცა, წელს მთლიანობაში ტურიზმის შემოსავლები იქნება 2019 წლის ტურიზმის შემოსავლების 25%,”- ამბობს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

შესაბამისად, 2021 წელს ტურისტული შემოსავალი 2019 წელს არსებული $3.27 მილიარდის 25%, ანუ $817 მილიონი დოლარი უნდა იყოს. თუმცა, ტურისტული შემოსავლები არაერთ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორისაა ეპიდემიური ვითარება იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. გასულ წლებში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიოდა, ახლა კი როგორც რუსეთში, ასევე თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეპიდემიური თვალსაზრისით რთული ვითარებაა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 82%-ით შემცირდა და მხოლოდ $527 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ($427 მილიონი) ლოქდაუნის დაწესებამდე ქვეყანაში შემოსულმა საერთაშორისო ვიზიტორებმა დახარჯეს.

2020 წელს საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, მათი უდიდესი ნაწილი ქვეყანაში ლოქდაუნის დაწესებამდე იმყოფებოდა. შედარებისთვის, 2019 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 9 მილიონი შეადგინა.