მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ისრაელიდან საქართველოში 217 065 ვიზიტი შესრულდა - რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამასის ომმა?

ტურიზმი

2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელს მეოთხე ადგილი უკავია. ეს ერთ-ერთი ქვეყანაა, საიდანაც გასულ წელს ტურიზმი როგორც პანდემიამდელ 2019 წელთან, ისე 2022 წელთან შედარებით სრულად აღდგა და გადააჭარბა, თუმცა ისრაელ-ჰამასის ომმა ისრაელიდან საქართველოში მოგზაურობაზე თავისი გავლენა მაინც იქონია.

იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი საქართველოსთვის ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვანი ქვეყანაა, 2023 წლის ოქტომბერში ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებულმა ომმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებში ნეგატიური მოლოდინები გააჩინა. ომის დაწყების პირველ ეტაპზე სასტუმროები თუ ტუროპერატორები ისრაელიდან გაუქმებულ ჯავშნებზე ალაპარაკდნენ, უფრო მოგვიანებით კი ამ მიმართულებიდან ტურისტების ნაკადების კლების მოლოდინის დასაბალანსებლად სხვა ქვეყნებზე მუშაობის აუცილებლობაზეც დაიწყეს საუბარი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში ჯამში 217 065 ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდელ 2019 წელს 5.9%-ით, ხოლო 2022 წელს 3.3%-ით აღემატება.

თუ ტურიზმის სტატისტიკას კვარტალურ ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ პირველ სამ კვარტალში ვიზიტების რაოდენობა მზარდი იყო და აღემატებოდა როგორც პანდემიამდელი წლის კვარტალურ მაჩვენებელს, ისე 2022 წლის ამავე პერიოდების რიცხვებს. ისრაელ-ჰამასის ომის დაწყება მეოთხე კვარტალის დაწყებას ემთხვევა, ხოლო მეოთხე კვარტალში ისრაელელი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი შემცირდა.

I კვარტალი - 44 788 ვიზიტი;

II კვარტალი - 61 742 ვიზიტი;

III კვარტალი - 76 121 ვიზიტი;

IV კვარტალი - 34 414 ვიზიტი;

ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში ისრაელიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის მეოთხე კვარტალთან 36.3%-ით, ხოლო 2022 წელთან ამავე პერიოდთან შედარებით 37.1%-ით ნაკლებია.

გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებს თუ შევხედავთ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ისრაელს ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილი ეკავა. ჯამში საქართველომ ისრაელელი მოგზაურებიდან 308.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელს მიღებულ შემოსავლებს 14%-ით აღემატება. ამ შემთხვევაშიც პირველი სამი კვარტალის განმავლობაში შემოსავლები წლიურად მზარდი იყო, თუმცა მეოთხე კვარტალში კლება დაფიქსირდა:

I კვარტალი - $60.8 მლნ, ზრდა - 73.2%.

II კვარტალი - $87.4 მლნ, ზრდა - 25.7%;

III კვარტალი - $109.9 მლნ, ზრდა - 12.9%;

IV კვარტალი - $50 მლნ, კლება - 27.1%.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისრაელ-ჰამასის ომი, საქართველოს ტურიზმში ისრაელიდან განხორციელებული ვიზიტები და შემოსავლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები