მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან $830 მლნ მიიღო - როგორ ნაწილდება ეს თანხა ქვეყნებზე

ხარჯები

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,170,362 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია. ეროვნულმა ბანკმა დღეს ამ ვიზიტორების დანახარჯების ანალიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, პირველ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 830 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 3.9 მილიონი დოლარით, ანუ 0.5%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად ევროკავშირის ვიზიტორთა რაოდენობის და დანახარჯების ზრდას უკავშირდება.

თუმცა, სხვა ბაზრებიდან შემცირება უკვე ფიქსირდება. ირანში დაწყებულ ომს გავლენა უკვე ჰქონდა ისრაელიდან და ირანიდან მიღებულ ტურისტულ შემოსავლებზე, კერძოდ კი ისრაელიდან პირველ კვარტალში საქართველოში ტურისტული დანახარჯი 98.9 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 13%-ით არის შემცირებული, ირანიდან კი ტურისტული დანახარჯი 10 მილიონ დოლარს უდრიდა, რაც წლიურად 64%-ით არის შემცირებული.

ეროვნული ბანკი ტურიზმის შემოსავლებს განცალკევებული სახით აღრიცხავს რამდენიმე ქვეყნის ჭრილში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან მიღებული ტურისტული შემოსავალი განცალკევებული სახით არაა მოცემული. სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ტურისტული შემოსავალი სწორედ ევროკავშირიდან მიიღო 140.7 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც წლიურად 36%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველოს ევროკავშირიდან 96,226 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წლიურად 30%-ით იყო გაზრდილი. რაც შეეხება მეორე პოზიციას, მას რუსეთი იკავებს 124 მილიონი დოლარით (ზრდა 12), აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოს პირველ კვარტალში 230,717 ვიზიტორი სტუმრობდა. მესამე პოზიციას კი თურქეთი იკავებს 120 მილიონი დოლარით, საიდანაც საქართველოს პირველ კვარტალში 238,368 ვიზიტორი სტუმრობდა.

უფრო დეტალურად, 2026 წლის პირველი კვარტალის ტურისტული შემოსავალი და ტურისტული ნაკადი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

# ქვეყანა/ჯგუფი ტურიზმის შემოსავალი მლნ დოლარი ზრდა/კლება ვიზიტორების რაოდენობა ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯი
1 ევროკავშირი $140.7 36% 96,226 $1,462
2 რუსეთი $124.0 -12% 230,717 $537
3 თურქეთი $120.0 12% 238,368 $503
4 ისრაელი $98.9 -13% 66,744 $1,482
5 აზერბაიჯანი $48.1 -1% 59,571 $807
6 უკრაინა $45.3 34% 30,119 $1,504
7 სომხეთი $28.8 2% 160,473 $179
8 ბელარუსი $16.0 1% 16,904 $947
9 საუდის არაბეთი $12.9 48% 8,862 $1,456
10 ირანი $10.0 -64% 13,757 $727
11 სულ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი $829.8 0.50% 1,170,362 $709

მთლიანობაში, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,170,362 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წლიურ ჭრილში 0.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები