მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა IMF-ის პროგრამის მიმდინარეობა შევინარჩუნოთ - მესტვირიშვილი

648b28a68a98b
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.23 19:40
732
სტატიაში საუბარია:
“მე თუ მკითხავთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა შევინარჩუნოთ,”- ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა BMG-ის კითხვას სავალუტო ფონდის პროგრამის შესახებ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პარლამენტს მოუწოდებდა არ დაძლეულიყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო. რამდენიმე დღის წინ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა BMG-სთვის მოწოდებულ პასუხში აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი პარლამენტის გადაწყვეტილებით გაოგნებული იყო. 

ამასთან, არჩილ მესტვირიშვილი განმარტავს, რომ სებ-მა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე მისი ნეგატიური პოზიცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო განხილვაზე წარადგინა. მაშინ სებ-ი მიუთითებდა, რისკზე რომ ამ კანონის მიღება IMF-ის პროგრამის მიმდინარეობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა.

“კანონთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი უკვე გვაკეთეთ. ჩვენი შეფასება არის იგივე, რაც რამდენიმე თვის წინ გვქონდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ეს კანონი არ მოგვწონს და მას არ ვეთანხმებით და ეს ცხადად ვთქვით მაშინ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რასაც კანონი სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით ქმნიდა. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია ეს კითხვა თავად ფონდს დავუსვათ. მინდა ვთქვა, რომ IMF-ის პროგრამა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა იმიტომ რომ ამჟამად ფულის სესხების საჭიროება გვაქვს, არამედ ის მნიშვნელოვანია პოლიტიკის გამჭვირვალობის კუთხითაც. ფონდთან შეთანხმებული პროგრამა მეტყველებს იმაზე, რომ შენ მიჰყვები სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ეს სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანია. მე თუ მკითხავთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა შევინარჩუნოთ,”- უპასუხა BMG-ის არჩილ მესტვირიშვილმა.

13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები