მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა

5d822d1d3947e
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.19 17:16
1242

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე, დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი აღნიშნავს, 2019 წლის აგვისტოში დაკრედიტების ზრდის ტემპმა 14.6$ შეადგინა, ხოლო მომავალში კი, ის მდგრად დონეს დაუახლოვდება. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება:

"2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წლის აგვისტოში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს განვითარებას. ფინანსური სტაბილურობის, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია. მიზნის მისაღწევად, ეროვნული ბანკი ახორციელებს მაკროპრუდენციულ პოლიტიკას, რათა თავიდან აიცილოს სისტემური რისკების დაგროვება და, შესაბამისად, შეამციროს კრიზისის ალბათობა და გააუმჯობესოს ფინანსური სექტორის მდგრადობა. ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიმუშავა - ფინანსური სტაბილურობის ანგარიში და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაახლა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოცემა, რომელიც ყოველწლიურად გამოქვეყნდება. ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობისა და რისკების შეფასება, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ასევე მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში ვრცლადაა წარმოდგენილი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან საბანკო სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ზომები.

ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგიას აქვეყნებს. სტრატეგია ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს ასახავს და გადაწყვეტილების მიღების პროცესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნული სტრატეგია იზიარებს ევროპის სისტემური რისკის კომიტეტის რეკომენდაციებსა (ESRB/2013/1) და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით მაკროპრუდენციული პოლიტიკის ხუთ შუალედურ მიზანს განსაზღვრავს:

  • ჭარბი საკრედიტო ზრდისა და ლევერიჯის შემცირება და თავიდან აცილება. 
  • ბაზრის არალიკვიდურობისა და ვადიანობის ჭარბი შეუსაბამობის შემცირება და თავიდან აცილება. 
  • პირდაპირი და არაპირდაპირი პოზიციის კონცენტრაციის შეზღუდვა. 
  • არასწორი სტიმულების (misaligned incentives) სისტემური ზემოქმედების შეზღუდვა მორალური რისკის (moral hazard) შემცირების მიზნით. 
  • ფინანსური სისტემის დოლარიზაციის შემცირება. 
  • სტრატეგია აღნიშნულ შუალედურ მიზნებს შესაბამის ინდიკატორებსა და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს უკავშირებს. 
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 27 ნოემბერს გაიმართება.