მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეამცირებს თუ არა მთავრობა აქციზს საწვავზე? - ეკონომიკის მინისტრის განცხადება

620e39e518c48
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.22 16:20
3368
აპირებს თუ არა მთავრობა საწვავზე აქციზის შემცირებას ან ნავთობკომპანიებისთვის სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რაც საწვავზე ფასის შემცირებას გამოიწვევს? - ეს კითხვა ჟურნალისტებმა დღეს ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაუსვეს. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობზე მაღალი ფასის გამო ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავზე ფასის ზრდის შეჩერების ერთადერთ მექანიზმად დღეს სწორედ აქციზის განაკვეთის შემცირება მიაჩნიათ.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ სცემს, თუმცა აცხადებს, რომ თუ საწვავის ფასი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზრდება, სახელმწიფო ადექვატურად იმოქმედებს.

„საწვავის ფასის მატება გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე. დავაკვირდეთ მოვლენებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება კომუნიკაცია და ადექვატური, შესაბამისი რეაგირება. გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, ამიტომ ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - თქვა დავითაშვილმა.

საქართველოში ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს. ამას გარდა, თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება, რაც 3.12 ლარის ღირებულების რეგულარის შემთხვევაში 48 თეთრის დღგ-ს ნიშნავს. მხოლოდ ამ ორი გადასახადის ჯამი 86 თეთრია და მის გარეშე ბაზარზე რეგულარის მარკის საწვავი  2.27 ლარი ეღირებოდა.


რამდენი ლარი ეღირება საწვავი დღგ-ს და აქციზის გადასახადის გარეშე?