მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება, ნაკლებად სწორი პოლიტიკით უფრო მეტს მიაღწიო, ვიდრე იდეალურით, თუ მას ყოველ წელს ცვლი - კაკაურიძე

6272706025794
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.22 16:23
844
“შეიძლება ნაკლებად სწორი პოლიტიკით უფრო მეტ შედეგს მიაღწიო, ვიდრე იდეალური პოლიტიკით თუ ის იდეალური პოლიტიკა ყოველ წელს იცვლება", - ამის შესახებ პარლამენტში განათლების კომიტეტის სხომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

გიორგი კაკაურიძემ განათლების და მეცნიერების კომიტეტს მსოფლიო ბანკთან გაფორმებული €358-მილიონიანი სასესხო ხელშეკრულება წარუდგინა. სესხი, რომელსაც საქართველო იღებს, სხვა კრედიტებისგან განსხვავებულია და ის შინაარსით რთულ რეფორმებთან არის მიბმული.

ეს რეფორმები განათლების, ჯანდაცვა-სოციალური დაცვის და სახეელმწიფო სერვისების გაციფრულების მიმართულებით უნდა ჩატარდეს.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ამ საკრედიტო შეთანხმებით გასატარებელი რეფორმები განათლებასა და ჯანდაცვაში 6-წლიან განვითარების ხედვას შექმნის.

“ეს იქნება გაწერილი გეგმა, თუ რა შედეგებს გვინდა მივაღწიოთ და ამ შედეგიდან გამომდინარე 6-წლიან პერიოდში ჩამოირიცხება ტრანშები. ეს არის 358 მილიონი ევრო, ოღონდ ეს არის გაწერილი 2026 წლამდე. გრძელვადიანი სტრატეგია იდება, გრძელვადიანი შედეგების ჩამონათვალი უკვე გაწერილია თუ რა შედეგებს უნდა მივაღწიოთ თითოეული მიმართულებით.

4 ძირითადი მიმართულებაა 3 სექტორში - ყველაზე მსხვილია განათლება, შემდეგ მოდის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ესაა 3 სექტორი, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ჩამოყალიბებას სჭირდება.

რაც შეეხება 4 მიმართულებას, ესენია: დანახარჯების ეფექტიანობის ზრდა ანუ რასაც ვხარჯავთ, მეტი შედეგი მივიღოთ, მეორეა სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში სერვისების გაუმჯობესება და ახალი სერვისების დანერგვა, ასევე სტანდარტის დამტკიცება და განხორციელება. მესამეა სოციალური დაცვის სფეროში ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების სოციალური ჩართულობის ზრდა ანუ მიზნობრიობის გაუმჯობესება. მეოთხეა ამ სამივე სექტორში ციფრული სერვისების განვითარება, რათა უკეთესად მოხდეს ამ სერვისების ინტეგრირება.

ეს ოთხი მიმართულება იყოფა 27 ქვემიმართულებად, რომელიც წლებზე გაწერილია და თითოეულ ინდიკატორს მოჰყვება თავისი თანხა, ზოგი არის 9 მილიონი ევროს, ზოგი კი - 15 მილიონი ევროს ფარგლებში.

ეს პროგრამა არის იმისთვის, რათა ამ სამივე სექტორში გრძელვადიანი რეფორმები ჩატარდეს. არა მხოლოდ განათლებაში, ჯანდაცვაშიც, გავა ერთი წელი და კურსი ცოტა იცვლება, სხვა ხელმძღვანელს სხვანაირი ხედვა აქვს... შეიძლება ნაკლებად სწორი პოლიტიკით უფრო მეტ შედეგს მიაღწიო, ვიდრე იდეალური პოლიტიკით თუ ის იდეალური პოლიტიკა ყოველ წელს იცვლება. სტაბილურობა ამ სამივე სფეროში - ჯანდაცვაში, სოციალურ მიმართულებებსა და განათლებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი", -  აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

358 მლნ ევროს მოცულობის სესხის ხანგრძლივობა 27.5 წელია, აქედან 12.5 წელი საშეღავათოა ანუ ქვეყანა მის გადახდას 12 წლის შემდეგ დაიწყებს.

სესხის საპროცენტო განაკვეთია EURIBOR+Variable Spread, ამჟამად Euribor-ის განაკვეთი -0.38%, Variable Spread კი 0.98%-ია. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, განაკვეთის დაფიქსირება თანხის ჩამორიცხვის შემდეგ მოხდება.

0.98%-ია.