მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიქმნება თუ არა წამლების დეფიციტი რეფერენტული ფასების პირობებში? - აზარაშვილი

63ef7def9f76c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.23 17:38
714
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს. დეპუტატებმა უწყების ხელმძღვანელს ჰკითხეს, შეიქმნება თუ არა წამლების დეფიციტი რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ. ამ კითხვაზე ზურაბ აზარაშვილმა უპასუხა, რომ აფთიაქების ნაწილში სხვადასხვა მედიკამენტებზე დეფიციტი ხელოვნურად იქმნება და სამინისტროს ამისთვის სხვადასხვა კონტროლის მექანიზმები აქვს.

„დეფიციტი რომ არ შეიქმნას, სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაერთოს. მხოლოდ ის არ არის, რომ მარტო რეგულაციების კუთხით იყოს. მაგალითად თუ რომელიღაც მედიკამენტზე დეფიციტი გვექნება, ერთ-ერთი კარგი მექანიზმის სახით, ჩვენთან სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ, სადაც სხვადასხვა მედიკამენტებზე შემოდის ზარები, როცა კონკრეტული აფთიაქები არ გასცემენ მათ. ქვეყანაში ძალიან ბევრი აფთიაქი რომ გვაქვს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, დაახლოებით სამჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ამ აფთიაქების გაფანტულობის გამო ეს პრობლემები შეიძლება ხელოვნურად იყოს შექმნილი. 

პრობლემაზე მყისიერად ვრეაგირებთ და გუშინაც იყო შემთხვევები. პირველი დღე იყო და შეუძლებელია პირველ დღეს რამე გამოეწვია, მაგრამ იყო სერიოზული პანიკა ძირითადად თურქულ მედიკამენტებზე, რომელიღაც აფთიაქები უარს ეუბნებიან, შემდეგ ჩვენი ჯგუფი გადის და ყიდულობენ, მეც ჩართული ვარ ამ პროცესში და ვთხოვენ რომ სხვები გაეგზავნათ, იქნებ სცნობენთქო, მაგრამ რეგიონებშიც ასეთი მდგომარეობაა... რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს ამ შემთხვევაში.

ასევე კარგი პროექტი, რომელიც დავიწყეთ და ძალაში შევიდა, პარლამენტში შესული კანონით დაგვევალა აფთიაქებში და საბითუმო რეალიზატორებში ელექტრონული ბაზების გახსნის ვალდებულება. შესაბამისად აფთიაქებს და ფარმაცევტულ კომპანიებს ვალდებულება აქვთ რომ ონლაინ ვხედავდეთ, ჯერჯერობით საშეღავათო პერიოდი აქვთ და ინტეგრაცია ხდება. პატარა აფთიაქების შემთხვევაში ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ აქ ჯგუფი გამოვყავით სამინისტროში, რომელიც ივლის და დაუინსტალირებს და ასწავლის როგორ უნდა ატვირთონ არსებული ნაშთები“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: 15 თებერვლიდან ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრული რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს.

ფარმაცევტულ კომპანიებს 31 იანვრამდე ჰქონდათ ვადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უკვე განსაზღვრულ რეფერენტულ ფასებზე შენიშვნები გადაეგზავნათ. ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია რეფერენტული ქვეყნები – ესენია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.