18.ოქტომბერი .2020 18:31

შემოდგომის ლეგენდა 2020 - იმპროვიზაციული ტური გაიმართა

views 169
უკან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე „ჩაის სახლში“ და მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2020“ იმპროვიზაციული ტური გაიმართა. დაარსების დღიდან ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართება, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა. წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართა. იმპროვიზაციულ ტურზე გათვალისწინებულია ფინალისტებისთვის, ჟიურის წევრებისთვის და ყველა დამსწრე პირისთვის უსაფრთხო და დისტანცირებული გარემო.

იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობას პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 10 ფინალისტი იღებდა, რომლებმაც ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში, ახალ ნაშრომები შექმნეს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და კომპანია სილქნეტის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

წელს სიახლეა ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც, მწერალთა ტრადიციულ სამეულს - დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატნენ, ჟიურის შემადგენლობაშია ასევე შარშანდელი გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი, ხოლო მსოფლიოში დისტანციური რეჟიმის გააქტიურებამ, შესაძლებელი გახდა ჟიურის შემადგენლობაში ყოფილიყო ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი დავით ქართველიშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთნენ.

ლეგენდა 2020-ის გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა