მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესყიდვების სააგენტომ MTA-ს უფლება მისცა, ბაკურიანის გათოვლიანების სისტემა Technoalpin-ისგან 100 მილიონად იყიდოს

62a327850a382
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.22 15:26
1025
შესყიდვების სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს კომპანია “მთის ტრასების სააგენტოს” უფლება მისცა ბაკურიანის გათოვლიანების სისტემა 100 მილიონ ლარად კომპანია Technoalpin-ისგან შეისყიდოს. კონტრაქტი გამარტივებული წესით გაფორმდება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ შესყიდვაში მონაწილე მოერე კომპანია იტალიური DemacLeko მიუთითებს, რომ ტენდერი გაუმჭვირვალედ წარიმართა და ის, სავარაუდოდ, თავიდანვე Technoalpin-ზე იყო მორგებული.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბაკურიანის გათოვლიანებისთვის გადაიხდის 10 მილიონი ლარით უფრო ძვირს, ვიდრე გადაიხდიდა თუკი კონტრაქტს DemacLeko-სთან გააფორმებდა.

შესყიდვების სააგენტოს მიერ MTA-სთვის გაგზავნილ თანხმობის წერილში ხაზგასმულია, რომ ისინი გასცემენ ნებართვას პროექტი გამარტივებული შესყიდვით განხორციელდეს, თუმცა კომპანიას მოუწოდებენ შემდგომში მსგავსი მასშტაბის პროექტები არა გამარტივებული შესყიდვით, არამედ სრულფასოვანი ტენდერის გზით განახორციელოს.

რატომ გახდა ბაკურიანის გათოვლიანების სისტემა სადავო შესყიდვა?

2023 წლის თებერვალში ბაკურიანმა სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს მთავრობა ადგგილზე მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს, რისთვისაც ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ხელოვნური გათოვლიანებაა. გათოვლიანების პროექტისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კომპანია MTA-მ აპრილში 137,828,652 ლარის ღირებულების სავარაუდო ფასით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც საკუთარი წინადადებები ორმა საერთაშორისო კომპანიამ „TechnoAlpin“-მა და „DemacLenko“-მ წარადგინეს. „TechnoAlpin”-ის შეთავაზება იყო 137,798,395 ლარი, „DemacLenko”-ს კი 91,939,038 ლარი ანუ წარდგენილ წინადადებებს შორის სხვაობა 45,859,357 ლარი იყო. ამჟამად ეს ტენდერი ერთ-ერთ სადავო შესყიდვად იქცა, რადგანაც მასში მონაწილე კომპანია სავარაუდო კორუფციის ფაქტის შესახებ საუბრობს.

როგორც წესი ტენდერში გამარჯვებულია კომპანია, რომელიც სახელმწიფოს პროექტის განხორციელებას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. თუმცა, ამ შემთხვევაში შესყიდვის პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ტენდერის შესახებ bm.ge-იმ სტატია თავდაპირველად 11 მაისს გამოაქვეყნა. 16 მაისს კი ეკონომიკის მინისტრმა მინისტრა ლევან დავითაშვილმა, განაცხადა, რომ გამარჯვებული გამოვლენილი ჯერ არ იყო და კომუნიკაცია საბოლოო კონტრაქტის შესახებ გრძელდებოდა. 17 მაისს MTA-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროექტი 99,900,000 ლარი დაჯდებოდა. უწყებამ ტენდერში გამარჯვებულად TechnoAlpin-ი დაასახელა.

20 მაისს კი საკითხზე პირველი განცხადება გაავრცელა კომპანია Demaclenko-მ რომელიც LEITHER HTI ჯგუფის წევრია და მიუთითა, რომ ტენდერში არსებული სავარაუდო დარღვევების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიემართა. Demaclenko აღნიშნავდა, რომ გამარჯვებულის გამოვლენა კორუფციული რისკებით წარიმართა, რადგანაც სატენდერო პირობები ერთ მიმწოდებელზე იყო მორგებული. ამასთანავე, კომპანიამ მზაობა გამოთქვა კიდევ უფრო მეტად - 2 მილიონი ლარით შეემცირებინა საკუთარი წინადადება და პროექტი 90 მილიონ ლარად განეხორციელებინა.

თუმცა თავად MTA აღნიშნავს, რომ Demaclenko-მ მის მიერ დაფიქსირებული ფასის მიუხედავად, ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ამიტომაც კონტრაქტს 100 მილიონ ლარად TechnoAlpin-თან გააფორმებენ.