მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეუძლებელია ბინებზე ფასების მნიშვნელოვანი კლება" - "არქის" გენდირექტორი

5eb2ecd81c32b
ნინი ლონგურაშვილი
06.05.20 22:30
2145
"დღეს ბინებზე რა ფასიც არის, ის არის რეალური ღირებულება", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში "არქის" გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ კრიზისს ის ვერ შეადარებს 2008-2009 წლის მდგომარეობას.

"Galt&taggart-ის კვლევას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მაშინ სხვა მდგომარეობა იყო, მაშინ რეალური კრიზისი გამოიწვია უძრავი ქონების ძალიან აწეულმა ფასებმა. უცხოეთში დაწყებულმა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილმა ფინანსურმა პროდუქტებმა შექმნეს ის კრიზისი, რომელიც 2008 წელს იყო და მაშინ დაახლოებით 34%-მდე დაეცა. წარმოუდგენელია დღეს ეს მოხდეს. დღეს რა ფასიც არის, ის არის რეალური ღირებულება და კარგი დასტურია ამის Galt&taggart-ის ბოლო კვლევა. პირიქით ბინის ფასები 1%-ით არის გაზრდილი. შეუძლებელია ფასების მნიშვნელოვანი კლება, რადგან თვითღირებულება არის ის, როგორც იყიდება. კომპანიები, რომლებიც არაადეკვატურად აკლებენ ბინებს ფასს, რისკის ქვეშ აყენებენ პროექტის დასრულებას", – ამბობს შიო ხეცურიანი.

Galt & Taggart-მა უძრავი ქონების ბაზრის შესახებ განახლებული მიმოხილვა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურად 7.7%-ით შემცირიდა, თუმცა ამის მიუხედავად, საშუალო ფასი აშშ დოლარში 1%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ საშუალო ბინებზე ნარჩუნდება.

ახალი ბინების სეგმენტში ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51-80 მ 2 ), რომელთა წილმა პირველ კვარტალში მთლიანი გაყიდვების 51% შეადგინა, მაშინ როცა 1კვ 18-ში ეს მაჩვენებელი 47% იყო. ძველი ბინების კატეგორიაში ასევე ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51- 80 მ 2 ).

აღსანიშნავია, რომ ბინებზე მოთხოვნა ზომების მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება - პატარა ბინებზე (18-50 მ 2 ) მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება. დაბალფასიანი სეგმენტი კვლავ ყველაზე მოთხოვნადია – დასტური იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას დაბალი და საშულო შემოსავლის მქონე მოსახლეობა განაპირობებს.

გაყიდვების 53% დაბალფასიან სეგმენტში დაფიქსირდა, მაშინ როცა პრემიუმ სეგმენტში გაყიდვებმა ჯამური გაყიდვების 12% შეადგინა 1კვ20-ში. მოთხოვნა საშუალო ზომის ბინებზე (51-80 მ 2 ) თბილისის ყველა უბანში მაღალია, გარდა ცენტრალური უბნებისა, (ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა) სადაც მოთხოვნა უფრო დიდი ზომის ბინებზეა (81-120 მ 2 ). პატარა ბინები (18-50 მ 2 ) ძირითადად გარეუბნებში იყიდება.