შრომის ინსპექცია 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი გასულ წელს ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდა და უფლებამოსილებები გაეზარდა. თუ მანამდე ინსპექციას შეეძლო, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხების შემოწმება, ახლა მისმა მანდატმა შრომის უფლებების მონიტორინგიც მოიცვა და ამოწმებდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, დეკრეტული შვებულება და ა.შ. რაც მთავარია, ინსპექციას შეუძლია კომპანიები წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს, ჯარიმები კი 50 ათას ლარსაც აღწევს.
შრომის ინსპექციამ გასულ წელს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში 59 ათასამდე ვიზიტი განახორციელა. აქ მოიაზრება როგორც ერთჯერადი, ასევე განმეორებადი შემოწმებები.
სახელმწიფო სსიპ-მა შეამოწმა კომპანიებში არსებული (1) შრომითი უსაფრთხოების ნორმები, რამდენად სრულდება (2) შრომის კოდექსი, (3) კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები და ხომ არ ფიქსირდება (4) იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები.
2021 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით:
შრომის უსაფრთხოება
446 ობიექტის შემოწმებიდან შრომის უსაფრთხოების ნაწილში ინსპექციამ 4 538 დარღვევა გამოვლინდა. ამ შემთხვევაში ძირითადად მშენებლობებს აკონტროლებდნენ, ასევე ინსპექტირება ხდებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებით მოქმედ ბიზნესში. გამოვლენილ დარღვევებს შორის ყველაზე დიდი წილი მოდის რისკებზე, კომპანიები არ აფასებდნენ რისკებს, არ ჰქონდათ დაცული ჰიგიენური ნორმები, არ ჰქონდათ შემოწმებული ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.
ჩატარებული შემოწმებების შედეგად, კრიტიკული დარღვევებისთვის 50 ათას ლარამდე ჯარიმა 12 კომპანიას გამოუწერეს.
“პირველი გაფრთხილების შემდგომ, გონივრული ვადის გასვლისთანავე განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა, რომ 126-მა საწარმომ, რომელიც შემოწმებულ საწარმოთა 28%-ს შეადგენს, სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო, ნაწილი შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა 200-დან 14000 ლარის ფარგლებში და განესაზღვრა ვადა შეუსაბამობების გამოსასწორებლად.
ორი კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოო ობიექტზე დაფიქსირებული კრიტიკული დარღვევისთვის 5 საწარმო დაჯარიმდა 50 000 ლარის, 2 – 30 000 ლარის და 5 – 20 000 ლარის ოდენობით.
კრიტიკული დარღვევისთვის სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიემართა 86-ჯერ. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამუშაოს შეჩერების თაობაზე სასამართლომ 85-ჯერ დააკმაყოფილა”, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 37, დაშავდა 253 პირი. ყველაზე მეტი, 13 ადამიანი მშენებლობაზე დაიღუპა, რისკიანობით მეორეა დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა. შრომის ინსპექციაში აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება.
შრომის კოდექსთან შესაბამისობა
შრომის ინსპექციამ შეამოწმა, რამდენად იცავენ კომპანიები შრომის კოდექსს. ინსპექტირება 249 ობიექტზე განხორციელდა. შემოწმების შედეგად 192 ოქმი და 1766 მითითება გამოიცა, რომელიც შრომის კოდექსის ცალკეულ მუხლებს ეხება. დარღვევები ძირითადად ფიქსირდებოდა ხელშეკრულების ვადასა და პირობებთან დაკავშირებით, სამუშაო დროის ხანგრძლივობისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს დარღვევაზე, ხელფასის ოდენობისა და გაცემის დროზე, სამუშაო საათების აღრიცხვაზე და ა.შ.
შრომის ინსპექცია განსაკუთრებით გამოყოფს სამედიცინო დაწესებულებებს. როგორც ირკვევა, კოვიდ კლინიკების ნაწილი უარს აცხადებდა პერსონალისთვის დამატებითი ანაზღაურება მიეცა, რომელიც მათ მთავრობის გადაწყვეტილებით ეკუთვნოდათ. ამ კუთხით ინსპექციამ 110 კლინიკა შეამოწმა და 86 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
Covid-რეგულაციების შესრულება
შრომის ინსპექტორებს ასევე ევალებოდათ შეემოწმებინათ, რამდენად ასრულებდნენ კომპანიები კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს. წლის განმავლობაში 13 ათასამდე ობიექტი შემოწმდა. საუბარია სავაჭრო ობიექტებზე, კაფე-რესტორნებზე, სასტუმროებსა და სილამაზის სალონებზე. ანგარიშიდან ირკვევა, რომ აკრძალული საქმიანობა შეუჩერდა 201 ობიექტს; დაჯარიმდა 196 ობიექტი, ხოლო დაილუქა 35. განმეორებითი დარღვევის გამო საქმე კრიმინალურ პოლიციას გადაეცა 26 შემთხვევაში.
იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია
ამ მიმართულებით განხორციელდა 139 ინსპექტირება 139 ობიექტზე, რომელთაგან 137 იყო გეგმური, ხოლო, 2 არაგეგმური. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2 არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა საჩივრის საფუძველზე, რომლის შედეგადაც ერთი შემთხვევა გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისთვის.
“შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოვლინდა საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მეხუთე მუხლის მეექვსე პუნქტის დარღვევის ფაქტი, რომელიც მოიცავს დამსაქმებლის ვალდებულებას არ დაასაქმოს 18 წლამდე პირი (არასრულწლოვანი) ისეთ სამუშაოზე, რომელმაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ზემოხსენებულის საფუძველზე, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურს ჰქონდა მყისიერი რეაგირება. შრომის ინსპექტორებმა, კომპანიის წარმომადგენლებს ადგილზევე მისცეს განმარტება დარღვეული რეგულაციების შესახებ და არასრულწლოვანი პირი გაიყვანეს ობიექტიდან, ვინაიდან, სამშენებლო საქმიანობა წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საქმიანობას. გარდა ამისა, კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები გატარდა კომპანიის მიმართ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ”,- ნათქვამია ანგარიშში.