მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილაგავა: ხორბლის იმპორტი 40%-ით შემცირდა, ფქვილის კი 6-ჯერ გაიზარდა

61b388d693ce3
თათია ჩაფიჩაძე
10.12.21 22:20
669
დღეიდან რუსეთიდან საექსპორტო ხორბალზე გადასახადი არსებული 80,8 დოლარიდან 84,9 დოლარამდე გაიზრდება. 68,3 დოლარიდან 75,1 დოლარამდე გაიზარდა ქერის გადასახადი, სიმინდზე დაწესებული 54.3 დოლარიანი თანხა კი ამ ეტაპზე უცვლელი დარჩა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ზაფხულიდან დღემდე ხორბალზე გაზრდილი ფასის და დაწესებული მცურავი ბაჟის გამო საქართველოში 40%-ით ნაკლები ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რისი დეკომპენსირებაც 6-ჯერ გაზრდილი ფქვილის იმპორტით მოხერხდა, რაც კომპანიებს ხორბალთან შედარებით დაახლოებით 3-4 ლარით ნაკლები უჯდებათ.

ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამან თავის მხრივ წისქვილკომბინატების გაჩერება გამოიწვია, რაც სამუშაო ადგილების შემცირების, ბიუჯეტის დანაკარგების და სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნის.

BM.GE-თან საუბრისას სილაგავა ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ არსებულ პოლიტიკას გადახედოს და ხორბალზე მცურავი ბაჟის არსებობის პირობებში იგივე ფქვილის იმპორტზეც გაავრცელოს.

„სერიოზული პრობლემაა ის რომ წისქვილკომბინატებს აღარ უღირთ ფქვილის გამოშვება, ფქვილის იმპორტზე ვართ გადართულები, ბევრს ჩაფიქრებული აქვს რომ ის ხორბალი, რომელიც შემოტანილი აქვთ გადაყიდონ სომხეთში, თურქეთში და იმ რესურსით ფქვილი შემოიტანონ.

ამ საკითხს სარგებლიანობის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, წისქვილის მუშაობა ჯობია, ის ქმნის სამუშაო ადგილებს, ასევე ამუშავებს ქართულ ხორბალს, რომელიც მოხმარების 10-15%-ია და მის მოსაყვანად სხვადასხვა პროგრამებით სახელმწიფო ფულს ხარჯავს, თუ წისქვილკომბინატი არ იმუშავებს ხორბალს ვერ მიიღებს და გაუყიდავი დარჩება.

წისქვილკომბინატებს ბიუჯეტში შეაქვთ რამდენიმე მილიონი ლარი თვეში, აქედან შესაძლებელია პურის ფასის შესაკავებლად გამოყოფილი იყოს გარკვეული რაოდენობა, მაგალითად მთავრობამ რომ მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება, 500-600 ათასი ასეთი პირია ქვეყანაში. 10 თეთრით გაძვირების შემთხვევაში თვიური ხარჯი ერთ ადამიანზე 3 ლარი, ჯამურად კი მილიონ ნახევარია. მეორე მხარეს არის წისქვილები, რომლებსაც რამდენიმე მილიონი შეაქვთ თვეში.

ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მინიმუმ სარკისებური გადასახადის შემოღება, ხორბლის მცურავი ბაჟი რაც არის იგივე ფქვილის იმპორტზე რომ გავრცელდეს, რათა სასურსათო უსაფრთხოება იყოს დაცული. სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება და მიზეზად სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება სახელდება", - აცხადებს სილაგავა.

მისივე თქმით, თუ კლასიკურად წლების განმავლობაში 500-700 ტონამდე ფქვილი და 50 ათასი ტონა ხორბალი შემოდიოდა, დღეს 6-ჯერ გაზრდილია ფქვილის იმპორტი და 40%-ით შემცირებულია ხორბლის იმპორტი.