სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა და მის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს საჯარო უწყებაში სხვადასხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა აქვთ.
მთავრობა აანონსებდა, რომ ამ პროგრამის მეშვეობით ათიათასობით შრონისუნარიანი და სოციალური შემწეობის მქონე მოქალაქის დასაქმება იქნებოდა შესაძლებელი. BMG-მ პროექტის დეტალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმართა, საიდანაც გვიპასუხეს, რომ დღეისთვის, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმების კონტრაქტი უკვე 4,601 ადამიანს გაუფორმდა.
სამინისტროში გგვიპასუხეს, რომ ამ ადამიანთა სახელფასო სარგო სრულ განაკვეთზე 300 ლარს, ნახევარ განაკვეთზე კი 150 ლარს შეადგენს. უწყების ინფორმაციითვე, ამჟამად მათთან უკვე მომზადებულია 22,000-მდე ვაკანსია, ხოლო წლის ბოლომდე ვაკანსიების რაოდენობა 50,000-მდე უნდა გაიზარდოს.
“ხელფასი ნამუშევარი დღეების მიხედვით გამოითვლება, სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 300 ლარია, ნახევარ განაკვეთზე ანაზღაურება 150 ლარი, რომელიც წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს და არ იბეგრება.
ამ ეტაპზე საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის პორტალზე 22 000-მდე ვაკანსიაა დარეგისტრირებული. წლის ბოლომდე კი გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 50 000-მდე გაიზრდება.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ საწყის ეტაპზე გამოყოფილია 4 931 250 ლარი,” - ნათქვამია სამინისტროს პასუხში.
კითხვაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტის ფარგლებში დასაქმებული მოქალაქეების კონტრაქტი, სამინისტროში გვპასუხობენ, რომ დასაქმებულთა უმეტესობასთან ხელშეკრულება 2022 წლის ბოლომდე მუშაობას ითვალისწინებს.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 1,160 სოცდაუცველის დასაქმება გურიაში მოხდა, ყველაზე ცოტა - 39 სოცდაუცველი თბილისში დასაქმდა.
სოციალური სამუშაო რეგიონების მიხედვით:
● თბილისი - 39 დასაქმებული;
● იმერეთი - 582 დასაქმებული;
● კახეთი - 714 დასაქმებული;
● ქვემო ქართლი- 220 დასაქმებული;
● შიდა ქართლი - 199 დასაქმებული;
● სამეგრელო-ზემო სვანეთი - 156 დასაქმებული;
● აჭარა - 495 დასაქმებული;
● სამცხე-ჯავახეთი - 311 დასაქმებული;
● მცხეთა-მთიანეთი - 110 დასაქმებული;
● გურია - 1160 დასაქმებული;
● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 615 დასაქმებული.
სოციალური დასაქმების პროექტის ფარგლებში ვაკანსიებზე მოქალაქეები სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ, მათ შორის სკოლის დარაჯად, მეეზოვედ, ელექტრიკოსად, რეინჯერის დამხმარედ, დამლაგებლად და სხვა პოზიციებზე.