მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფო ჭყონია: ქართული მოდა შეიძლება, საერთოდ გაქრეს

61054a59766ad
თათია კაკიაშვილი
31.07.21 21:00
2852
„ექვსი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იმაზე, რომ საქართველოზე მოდის უცხოელ ჟურნალისტებს რაღაც კარგი მუდმივად დაეწერათ. ეს თუ აღარ მოხდა, ჩვენ მიმართ ინტერესიც გაქრება და კოლოსალური ზარალი კი არა, ქართული მოდა საერთოდ გაქრება“, - ამის შესახებ Bm.ge-ის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა 5 ივლისის მოვლენები საერთაშორისო მედიამ აქტიურად გააშუქა, მოდის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, ჟურნალისტებმა და დიდმა ბრენდებმა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა გადაიფიქრეს.

„მოდის სფეროში ძალიან მრავალფეროვანი ადამიანები მუშაობენ. 5 ივლისის ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდა და ამ სფეროს ბევრ წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა აღარ უნდა, ეშინიათ. ზოგი ფიქრობს, საერთოდ ღირს თუ არა საქართველოსთან თანამშრომლობა, იქნებიან თუ არა ისინი აქ უსაფრთხოდ. ნოემბრის Fashion Week-ს რაც შეეხება, დიდი ალბათობით არ გაიმართება, რადგან სტუმრებს დაცვით ვერ ვატარებთ, ეგეთი შემთხვევა ჩვენ ჯერ არ გვქონია“, - განაცხადა სოფო ჭყონიამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ პანდემიურ პირობებში მოდის კვირეული ორჯერ დისტანციურად გაიმართა, ის ეფექტიანი არ ყოფილა და არც ამჯერად განიხილება უცხოელი შემსყიდველებისა და ჟურნალისტებისთვის ღონისძიების ონლაინ ფორმატში გამართვა.

„საქართველოსთვის და ქართული მოდის განვითარებისთვის შემსყიდველების და მოდის ჟურნალისტების ფიზიკური დასწრება არის აუცილებელი იმიტომ, რომ ისინი ამ 5 დღის განმავლობაში ნახულობენ ქალაქს, პირადად ეცნობიან დიზაინერებს. ამის გარეშე ქართული მოდა ვერაფერს იზამს იმიტომ, რომ ეს კონტაქტი თუ არ იქნება, ონლაინ რეჟიმში დასწრებას ეფექტი საერთოდ არ აქვს. როდესაც არ გაშუქდება ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, ეს ძალიან ცუდია. 6 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იმაზე, რომ საქართველოზე რაღაც კარგი მუდმივად დაეწერათ უცხოეთში. ეს თუ აღარ მოხდა, ჩვენ მიმართ ინტერესიც გაქრება და კოლოსალური ზარალი კი არა, საერთოდ გაქრება ქართული მოდა“, - განაცხადა ჭყონიამ.

მისივე თქმით, სწორედ 5 ივლისის მოვლენების გამო, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი საკმაოდ დაზიანებულია.

„კაცმა არ იცის, ქუჩაში კიდევ რამდენი მოძალადე დადის. ისინი ნებისმიერ ფერადთმიანს და საყურიანს შეიძლება თავს დაესხნენ. ჩვენი სტუმრები კი, ძირითადად, ასეთები არიან. ჩვენი ბევრი ქართველი დიზაინერი საქართველოდან წასვლაზე ფიქრობს. მათ შიშის გრძნობა გაუჩნდათ, ქუჩაში გასვლა აღარ უნდათ, აქ მცხოვრებისთვის ასეთი სიტუაციაა და ბუნებრივია, რომ აღარავის უნდა ჩამოსვლა“, - განაცხადა სოფო ჭყონიამ.