მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოკარი": მსხვილ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე ფასების ვარდნაზე რეაგირება გაუჭირდათ

5eb17ab189cde
ელენე გოგბერაშვილი
06.05.20 10:15
1813

გლობალური პანდემიის გავლენით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ფასები შემცირდა საქართველოში, საცალო ქსელებშიც, თუმცა თვალშისაცემია ფასთა შორის ის განსხვავება, რაც მომხმარებელს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე ხვდება. მართალია, ბრენდირებული სადგურების შემთხვევაში ინფრასტრუქტურა გაცილებით განვითარებულია და მათი საოპერაციო დანახარჯებიც მეტია, თუმცა მომხარებლის ქცევა ფასების მიმართ მაინც სენსიტიურია. მაგალითად, არაბრენდირებულ სადგურებში თუ რეგულარის ტიპის სწვავის ფასი 1 ლარი და 40 თეთრიდან იწყება, ბრენდირებულის შემთხვევაში, იგივე ტიპის ბენზინი 1 ლარი 99 თეთრი ღირს.

Bm.ge "სოკარის" გენერალურ დირექტორ ლევან გიორგაძეს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია, რა არის მიზეზი, რის გამოც საწვავი ქსელებში მნიშვნელოვანი ფასთასხვაობით იყიდება.

„მსხვილ კომპანიებს მეტი მარაგები ჰქონდათ და გაუჭირდათ რეაგირება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ვარდნაზე“, - ასეთი პასუხი აქვს ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელს ჩვენს კითხვაზე, რატომ არის, რომ არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი დღეს ბევრად იაფი ღირს, ვიდრე - მსხვილ ქსელებში.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფების ფონზე რატომ დაგვიანდა ახალი ფასების ასახვა საქართველოს საცალო ქსელებში, ამას "სოკარის" გენერალური დირექტორი ლევან გიორგაძე ასე ხსნის:

„მოულოდნელი იყო საერთაშორისო ბაზარზე ფასების ვარდნა. ჩვენ გვქონდა, დაახლოებით, 1,5-2 თვის მარაგი. არ ველოდით ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას, აქედან გამომდინარე, მერე მოთხოვნა არის ფაქტობრივად ორჯერ შემცირებული. შესაბამისად, ეს მარაგები 2 თვის კი არ არის, გახდა 3-4 თვის. აქედან გამომდინარე, ცოტა ნელა ხდება რეაგირება ფასების მიმართულებით, თუმცა მნიშვნელოვნად დაიწია ფასებმა ბაზარზე, ლოიალური ბარათის მოხმარებლებს ვთავაზობთ ბენზინზე 25 და დიზელზე 20-თეთრიან ფასდაკლებას და დამატებით თითო ლიტრზე ერიცხებათ სამი ქულა, რაც 3 თეთრის ტოლფასია.

ნელ-ნელა ფასები უახლოვდება იმ ნიშნულს, რაც არის, მაგრამ ძირითადი მიზეზი დაგვიანების არის ის, რომ მარაგები იყო ძველი. ამას დაემატა მოთხოვნის შემცირება და მარაგების მოცულობა გაიზარდა ორჯერ.

კითხვაზე, რატომ მოხდა, რომ უფრო სწრაფად მოახდინეს რეაგირება არაბრენდულებმა, აქაც ლოგიკა იგივეა - "მათ არ აქვთ ამხელა მარაგები". "ძირითადად საბითუმოდ ყიდულობენ ადგილობრივ ბაზარზე მსხვილი კომპანიებისგან. მათ უფრო ჩქარა მოახერხებს ძველის ახალი მარაგებით ჩანაცვლება. ფასებს შორის განსხვავებას ისიც განაპირობებს, რომ მსხვილი ბრენდები დამატებით სერვისებს სთავაზობენ ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებლებს. ინფრასტრუქტურა აქვთ მეტად განვითარებული. შესაბამისად, მეტი კაპიტალური დანახარჯებია გაწეული და უკუგებისთვისაც მეტი სჭირდებათ. ეს არის ეკონომიკური მიზეზები, რის გამოც არის ასეთი სხვაობა ფასებს შორის“, - განმარტავს ლევან გიორგაძე.

მიუხედავად ძვირად შესყიდულ მარაგებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიებმა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირების შემდეგაც მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელეს.

მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 84,4 ათასი ტონა, რაც 14,7 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.