03.ივნისი .2021 20:30

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (აპრილი)

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (აპრილი)
views 931
უკან

სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებისთვის 2020 წელი მძიმე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო “დიდი შეზღუდვის” ეკონომიკურ კრიზისს რეგიონში სხვა უარყოფითი ფაქტორები დაემატა. ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო - წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს უკანასკნელი კი სომხეთსა და საქართველოში იყო, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და წლის დასაწყისში კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. ცხადია, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება და მას შესაბამისი ეკონომიკური ფასიც გააჩნდა, რომელსაც მთლიანი მოსახლეობა იხდის. თუმცა, ორივე ქვეყანაში კრიზისის განსამუხტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, სომხეთში მიმდინარე წლის 20 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომლის ჩატარება საარჩევნო სისტემის ცვლილებით იგეგმება. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოშიცაა დაგეგმილი, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით, ოპოზიციის ერთი ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების კომპონენტია. უკვე, 30 მაისს კი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისა და საქმიანობის პარლამენტში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
 
ამდენად, კავკასიის რეგიონისთვის მიმდინარე წელიც რთულად დაიწყო. კონკრეტულად, სომხეთისა და საქართველოს შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ორივე ქვეყანაში (საქართველო და სომხეთი) პოლიტიკური კრიზისი არსებითად შემსუბუქდა, მაგრამ, მეორე მხრივ, არასტაბილურობა კვლავ ნარჩუნდება.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

2021 წელის დასაწყისი კავკასიის ეკონომიკებისთვის არამხოლოდ ზემოთ ხსენებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო იყო რთული, არამედ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდვებიც გამკაცრდა. იანვარში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში მოქმედებდა. კერძოდ, ოქსფორდის მიერ შემუშავებული ინდექსით აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 83.8-იან ნიშნულზე იყო [მაქსიმუმი 100], რაც მსოფლიოში რიგით მე-6 ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნის პოზიციაა, მაგრამ თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შემსუბუქდა, რაც ეკონომიკის კლების მასშტაბზეც აისახა. თუკი იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით იყო შემცირებული, თებერვალში ამ ნიშნულმა 5.1% შეადგინა, ხოლო ორი თვის საშუალო კლება 8.3% იყო. რაც შეეხება მარტს, ამ პერიოდში შეზღუდვები არ შემსუბუქებულა და 64.81-იან ნიშნულზე იყო, ხოლო ეკონომიკის 4.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აპრილშიც შეზღუდვების მასშტაბი თითქმის იმავე ნიშნულზე იყო, მიუხედავად ამისა ამ პერიოდში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 8.1% დაფიქსირდა. თუმცა, გასათვალისწინებელია საბაზისო ეფექტი. კერძოდ, 2020 წელს აპრილში ეკონომიკის კლება 16.6% იყო. ამდენად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, პანდემიამდე პერიოდის ანალოგიურ თვესთან მიმართებით, ზრდა 20.8%-ია. ზრდის მეორე ფაქტორი საბიუჯეტო ხარჯების ზრდაა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მთავრობის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები (ვალდებულების გარეშე), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 877.7 მლნ ლარით მეტი იყო და 5 059.5 მლნ ლარი შეადგინა. გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯები კი მთლიან შიდა პროდუქტში აისახება. მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონიდან არამხოლოდ საქართველოში არამედ სამეზობლოს ქვეყნებშიცაა. მიმდინარე წლის აპრილში სომხეთის ეკონომიკა 23.2%-ით გაიზარდა, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 17.2%-იანი კლება იყო. ამდენად, 2019 წელთან შედარებით, აპრილში სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2.0%-ია. მიმდინარე წლის აპრილ-მაისში კი სომხეთის ეკონომიკა 2.6%-ითაა გაზრდილი. სექტორულ ჭრილში პირველი ოთხი თვის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი მამოძრავებელი მშენებლობა იყო, რომელიც წინა წელთან შედარებით 20.3%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, საქართველოს ზრდაშიც მშენებლობასა და მომსახურების რიგ სექტორებს გააჩნდათ წვლილი, მაგრამ კონკრეტული მაჩვენებელებს საქსტატი არ აქვეყნებს.

წინა პერიოდთან შედარებით შეზღუდვები აპრილში არ შემსუბუქებულა არც აზერბაიჯანში, პირიქით, წლის ბოლოსკენ ოდნავ გამკაცრდა კიდეც. თუმცა, აზერბაიჯანის შემთხვევაში შეზღუდვებს ნაკლები უარყოფითი ეფექტი აქვს ადამიანებზე, ვიდრე ეს საქართველოსა და სომხეთში. მიზეზი კი ეკონომიკის სტრუქტურაა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები პირდაპირ ეხება მომსახურების სფეროს, რომელიც საქართველოსა და სომხეთში დომინანტურია, ხოლო აზერბაიჯანში ეკონომიკის დიდი ნაწილი ნავთობინდუსტრიას უჭირავს. მაგალითად, გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათის 29.9% ნავთობინდუსტრიის წილი იყო, ეს მაჩვენებელი კი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 36.3%-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაზე არსებითი გავლენა გააჩნია ნავთობის ფასებს და მოთხოვნას. აპრილში ბარელი ნავთობის საშუალო ფასმა 65.0 დოლარი შეადგინა, რაც მარტთან შედარებით არ იყო შეცვლილი, გლობალურმა მოხმარებამ კი 96.2 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 15.8 მლნ ბარელით მეტია, მაგრამ 4.0 მლნ ბარელით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის აპრილში იყო. ამდენად, მიმდინარე წლის ივლისში ნავთობის კუთხით არსებითი გაუმჯობესება არ ყოფილა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი აზერბაიჯანის ეკონომიკა 0.2%-ითაა შემცირებული, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან პირველ კვარტალში 1.3%-იანი კლება იყო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანის ეკონომიკა 0.2%-ით იყო გაზრდილი. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანშიც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აშკარაა.

ფიგურა 2: ეპიდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრე (მაქ. 100; მინ. 0.)
წყარო: The Oxford COVID-19 Government Response Tracker

თუმცა, არც მაისშია ნავთობის ფასების ზრდა პროგნოზირებული და მეორე კვარტალში ბარელზე საშუალო ფასი 65.0 დოლარითაა პროგნოზირებული. თავის მხრივ, ნავთობის ბაზრის მდგომარეობაც ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული, როგორც მთლიანად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პირველი ივნისის მდგომარეობით, გლობალურად მოსახლეობის 10.9% მინიმუმ ერთი დოზით მაინც აცრილია, რაც წინა თვეს 8.1% იყო. საქართველოში ეს მაჩვენებელი 3.5%-ია, რაც პირველ მაისს 1.2% იყო. თუმცა, სომხეთში ვაქცინაციის პროცესი გაცილებით დაბალი ტემპით მიდის, რადგან ამ ეტაპზე მოსახლეობის მხოლოდ 0.9%-ია აცრილი მინიმუმ ერთი დოზით. განსხვავებული სურათია აზერბაიჯანში, სადაც პირველი მაისის მდგომარეობით მინიმუმ ერთი დოზით აცრილი მოსახლეობის 9.6% იყო, რაც ივნისის მდგომარეობით 13.9%-ია.

საერთო ჯამში, აპრილში კავკასიაში ეკონომიკური მდგომარეობა თვალსაჩინოდ გაუმჯობესებულია და აღდგენის მაღალი ტემპი მომდევნო პერიოდში შედარებით უკეთესი მდგომარეობის მოლოდინს ქმნის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. 2021 წლის ბიუჯეტი კი 4.3%-იანი ზრდის პროგნოზითაა დაგეგმილი, მაგრამ ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის 6.5%-იანი ზრდის პროგნოზის მიხედვით ცვლილება იგეგმება. ამ ფონზე, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის 1.0%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო აზერბაიჯანში ეს ნიშნული 2.3%-ია. თუმცა, სომხეთში ეკონომიკის აღდგენის გაცილებით უფროს სწრაფი ტემპია, ვიდრე ეს პროგნოზების გამოქვეყნების დროს იყო მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა