05.დეკემბერი .2021 17:00

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (ოქტომბერი)

სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - ეკონომიკური მდგომარეობა (ოქტომბერი)
views 3216
უკან

2020 წელი კავკასიის ეკონომიკებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. თუკი გლობალურად ქვეყნები „დიდი ჩაკეტვის“ ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს განიცდიდნენ, აღნიშნულს კავკასიაში რიგი უარყოფითი ფაქტორები დაემატა: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი და დღემდე სასაზღვრო პერიმეტრში პერმანენტული ინციდენტები. თუკი აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა ომის შემდეგ შიდა პოზიციები გაიუმჯობესა, სომხეთში ომის მძიმე შედეგები პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა, რომელსაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა. თუმცა, არჩევნები პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი დიდად არ აღმოჩნდა. საქართველოში კი პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი თავად არჩევნები გახდა. თავის მხრივ, პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკურ გარემოს აუარესებს და აქტივობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, გასულ წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო.
 
მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში ეკონომიკის აღდგენის ტემპი დაიწყო, თუმცა არც თუ ისე სახარბიელოდ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულს 0.4%-ით გადააჭარბებს, რაც ეროვნულ დონეზე, მთავრობის და ცენტრალური ბანკის პროგნოზით მეტად ოპტიმისტური - 2.5% და 2.1% იქნება. მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკის 10.0%-იან ზრდას, ხოლო მთავრობა 9.5%-იანს ვარაუდობს. შედარებით განსხვავებული და მეტად არასახარბიელო აღდგენის ტემპია სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ უკანასკნელში, არსებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკის სრულად აღდგენა მოსალოდნელი არ არის. წლის ბოლოსთვის ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულზე 1.5%-ით ნაკლები იქნება. ეს მაჩვენებელი სომხეთისთვის 1.4%-ითაა ნავარაუდევი. მიმდინარე წლისთვის ფონდის პროგნოზით სომხეთის ეკონომიკის 6.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. რეგიონიდან გასულ წელს ყველაზე მძიმედ სწორედ სომხეთის ეკონომიკა დაზარალდა. 2020 წელს ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო საქართველო და აზერბაიჯანის კი - 6.8% და 4.3% -ებით. ამ უკანასკნელის კლების დაბალი ნიშნული კი დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურით იყო განპირობებული. კერძოდ, აზერბაიჯანის ეკონომიკაში მომსახურება და განსაკუთრებით ტურიზმი დომინანტური არ არის. მთავრობებს მიერ დაწესებული შეზღუდვების კი პირდაპირ მომსახურების სექტორებს შეეხო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

ამ დროისთვის, ეკონომიკის აღდგენის შედარებით მაღალი ტემპით საქართველო გამოირჩევა. მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. 2020 წლის ოქტომბერში ეკონომიკა 3.9%-ით იყო შემცირებული. ოქტომბრის 6.9%-იანი ზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო ზრდის ნიშნული 10.5%-ია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 5.1%-იანი კლება იყო. ამდენად, ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის ნიშნულს საშუალოდ 4.9%-ით აღემატება. ეკონომიკის აღდგენაში კი წამყვანი როლი მოხმარებას გააჩნია. მაგალითად, მეორე კვარტალში ეკონომიკის 29.9%-იან ზრდაში მოთხოვნის წვლილი 30.8 პ.პ. იყო, ხოლო უარყოფითი, 2.7 პ.პ.-იანი კონტრიბუცია წმინდა ექსპორტს გააჩნდა. სექტორული კუთხით, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეფასებაშია აღნიშნული, ოქტომბერში ზრდა დამამუშავებელ მრეწველობის, ტრანსპორტის, ხელოვნება/დასვენების და სხვა რამდენიმე დარგში შეინიშნებოდა.

ეკონომიკის გაცილებით დაბალი აღდგენის ტემპია აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ უკანასკნელის ეკონომიკა ოქტომბერში 3.6%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 8.1%-ით იყო შემცირებული. მიმდინარე წელის იანვარ-ოქტომბერში სომხეთის ეკონომიკა 4.3%-ითა გაზრდილი. 2020 წლის პირველ ათ თვეში 6.7%-იანი კლება იყო. ამდენად, ამ პერიოდისთვის ეკონომიკის დონე პანდემიამდე ნიშნულს 2.7%-ით ჩამორჩება. აღნიშნული მცირედით, მაგრამ 0.9%-ით აჭარბებს აზერბაიჯანში. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3.8%-ით იყო შემცირებული. მიმდინარე პერიოდში ზრდის უფრო მაღალი ნიშნული ნავთობის და გაზის ინდუსტრიის მიღმაა, სადაც ზრდის მაჩვენებელი 5.9%-ია. შარშან, ამ პერიოდში აზერბაიჯანის ეკონომიკა ნავთობის და გაზის ინდუსტრიის გარეშე 2.3%-ით იყო შემცირებული. გასული წლის აზერბაიჯანის კლება დიდწილად სწორედ ნავთობის ბაზრის მკვეთრ ვარდნას უკავშირდებოდა.

საერთო ჯამში, ეკონომიკის აღდგენის ტემპით საქართველო შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი. მიმდინარე წლისთვის ეკონომიკის სრულად აღდგენა მხოლოდ საქართველოშია პროგნოზირებული. ეს პროგნოზები კი განუსაზღვრელობის მაღალი დონის პირობებშია მომზადებული, რაც ეპიდემიურ სიტუაციას და ვაქცინაციის ტემპს უკავშირდება. ამ მხრივ, სომხეთში მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რადგან ნოემბრის ბოლოს სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 14.7% იყო, რაც საქართველოში 25.0%-ია. რეგიონიდან გამონაკლისი აზერბაიჯანია, სადაც აცრები გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე, საქართველოსა და სომხეთში. ნოემბერის ბოლოს აზერბაიჯანში სრულად აცრილი მოსახლეობის წილი 44.6% იყო. თუმცა, მიმდინარე პერიოდში კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ გამოჩნდა, რამაც ეკონომიკაში განუსაზღვრელობა გაზარდა, ხოლო პროგნოზები გააუარესა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა