მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

5e44ed1319f58
BM.GE
13.02.20 10:28
1129

ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა წინასწარ მიგნებებს. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და შესაძლოა არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ხედვას. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე არ განიხილება.

  • 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს. 
  • საჭიროა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლამდე 2020 წლის ბოლოსთვის შესამცირებლად. 
  • სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას. 


ამა წლის 5-11 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება. ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:

"საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ.

ექსპორტი, კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა, რაც ნაწილობრივ ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული. შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე) ისე, რომ ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაცია 2019 წლის ბოლოს 7 პროცენტი იყო, შემდეგ იკლო და იანვარში 6.4 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით.

"საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად.

გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას, და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა.

"2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას. ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ს 2.4 პროცენტამდე, 2019 წლის 2.1 პროცენტთან შედარებით. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების ასწრაფების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით რომ არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება.

"სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში. მისია იწონებს ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო მექანიზმის ამოქმედებას და გადახდისუუნარობის კანონის მიღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. არსებული ვითარება რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობთ საბაზისო პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღებას, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

"სსფ-ს მისია ელოდება დიკუსიის გაგრძელებას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის ფარგლებში ა.წ. აპრილში. სსფ-ს გუნდი მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას და ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეებს, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გულახდილი განხილვებისთვის".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები