მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 2.9%-ით გაიზარდება - IMF

63d8e426bd472
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.23 14:06
600
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, წელს მსოფლიოს ეკონომიკა 2.9%-ით გაიზრდება, რაც 2022 წელს არსებულ 3.4%-იან ზრდაზე დაბალი იქნება.

IMF-ის ახალი პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია ოქტომბერში გამოქვეყნებულ შეფასებასთან შედარებით. ამასთან, სავალუტო ფონდი მოელის, რომ 2024 წელს გლობალური ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება.

გლობალურ ზრდაზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორებს შორის სავალუტო ფონდი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, ასევე მსოფლიოში გაზრდილ ინფლაციურ წნეხს ასახელებს. 2022 წელს გლობალურმა ინფლაციამ რეკორდულ 8.8%-ს მიაღწია, რაც 2023-ში 6.6%-მდე, ხოლო 2024 წელს 4.3%-მდე უნდა შემცირდეს.

კიდევ ერთი ნეგატიური ფაქტორი, რომელზეც IMF-ი საუბრობს, მსოფლიოში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, რაც ბიზნესებისთვის და მოსახლეობისთვის კრედიტებზე ხელმისაწვდომობას ამცირებს.

სავალუტო ფონდი ქვეყნებს მაკროპრუდენციული ზომების მიღებას ურჩევს, რათა დეფიციტის და ვალის სტაბილურობის მიმართულებით არსებული ვითარება გაუმჯობესდეს.

IMF-ის მიმოხილვაში საქართველოს შესახებ არაა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, წელს რუსეთის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზრდება, ევროკავშირში კი ზრდა 0.7% იქნება. აშშ-ში 1.4%-ის; ჩინეთში 5.2%-ის; ინდოეთში კი 6.1%-ის ზრდა არის მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები