მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპი „ბილიკი“ პოლონეთის ბაზარზე შესვლისთვის ემზადება - განვითარების გეგმა

61892cab6bee2
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.21 10:15
1308
ტურისტული მარშრუტების ქართული აპლიკაცია „ბილიკი“ პოლონეთის ბაზარზე შესვლისთვის ემზადება. კომპანია სხვა სტარტაპებთან ერთად საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და პოლონური მხარის ორგანიზებით სააქსელერაციო პროგრამაში მოხვდა, რომელიც კომპანიის ახალ ბაზარზე შესვლას შეუწყობს ხელს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ცირამუა „ბილიკისთვის“ ახალი ბაზრის ათვისების გახსნილ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პოლონელები "ბილიკის" გავლით საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს კარგად იცნობენ და ახლა, ახალ ბაზარზე ინტეგრირების დროც არის. 

„პოლონეთი ძალიან დიდი ტურისტული ბაზარია, სადაც პრიორიტეტი ლაშქრობაა. საქართველოშიც პოლონელები, ძირითადად, სათავგადასავლო-სალაშქრო მიმართულებით ჩამოდიან და ბუნებრივია, ასეთი ბაზარი ჩვენთვის საინტერესოა. ეს დაგვეხმარება, რომ „ბილიკი“ პოლონურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი გახდეს. კომპანიის პოლონეთში დარეგისტრირება და ახალ ქვეყანაში გასვლა პოლონური ბაზრის ტურისტული მარშრუტების ათვისებაში დაგვეხმარება. მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა ახალ ბაზარზე ჩვენი ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა, გვინდოდა, დაგვენახებინა რამდენად მნიშვნელოვანია „ბილიკი“ პოლონური ტურისტული ინდუსტრიისთვის“, - განმარტავს თორნიკე ცირამუა.

დღეისთვის, კომპანიის დამფუძნებლები პოლონელი ენჯელ-ინვესტორებიდან თუ ვენჩერული ფონდებიდან აპლიკაციის პოლონეთში ჩასაშვებად, დაახლოებით, 300 000 დოლარის ინვესტიციის მოზიდვაზე მუშაობენ და მათი მოლოდინით კომპანიის ოფიციალური რეგისტრაცია პოლონეთში, დაახლოებით, გაზაფხული-ზაფხულისთვის მოხდება. 

„პოლონეთში ადგილობრივ ინვესტორებს ჩვენი პროექტი წარვუდგინეთ. საბედნიეროდ, კონკრეტული ინვესტიციების განხორციელების ინტერესები უკვე იკვეთება. იანვარ-თებერვალში მიწვეული ვართ სტარტაპ-კონფერენციაზე, რაც „ბილიკის“ ადგილზე დამკვიდრებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. 300 000 დოლარი ეს ის თანხაა, რომელიც „ბილიკის“ სრულყოფისა და საერთაშორისო ბაზრის ნაწილი გახდომისთვის გვესაჭიროება. ეს ბაზარზე კომპანიის რეგისტრაციას, შიდა დეველოპერული გუნდის შექმნას მოიცავს, რაც აპლიკაციის განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფას დააჩქარებს. ამასთან, ფინანსური რესურსი ახალ ბაზარზე მარკეტინგული კამპანიის წარმოებაზე მიიმართება, რაც არამხოლოდ პოლონური, არამედ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ათვისებაში დაგვეხმარება“, - ამბობს „ბილიკის“ თანადამფუძნებელი.

აღსანიშნია, რომ 2019 წელს ძმების თორნიკე და გიორგი ცირამუების მიერ შექმნილი ტურისტული მეგზური „ბილიკი“ დღეს უკვე 10 000 აქტიური მომხმარებელსა და 600-მდე ბიზნეს ოპერატორს აერთიანებს და კომპანიის შიგნითა თუ აუთსორსზე 15 ადამიანს ასაქმებს. მიმდინარე წლის ნოემბერში GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტით კომპანიის დამფუძნებლები ახალი ფუნქციონალის ამოქმედებას გეგმავენ, რომელიც ტურების ორგანიზებას ბიზნესოპერატორებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და მოქნილს გახდის.

„პანდემიურ მდგომარეობაში ვართ, მომხმარებლის მხრივ დინამიკა სტაბილურად მზარდია. აპლიკაციის გამოყენება მიმდინარე ზაფხულში რეკორდულად 6-ჯერ გაიზარდა, ეს ზაფხულში აპლიკაციაში დამატებული ახალი ფუნქციონალის „დაამატე შენი ბიზნესის“ შედეგად მოხდა. ნოემბრიდან კი კიდევ ერთი აპლიკაციის დამატებას ვგეგმავთ, რომლის საშუალებითაც მსხვილ, საშუალო, თუ მცირე საწარმოებს ჩვენს აპლიკაციაში საკუთარი ობიექტების განთავსება თავად სრულიად უფასოდ შეეძლებათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ რადგან გვესმის, რომ ბილიკი დღეს ერთ-ერთი საკომუნიკაციო პლატფორმაა. აქედან გამომდინარე, ეს ტექნოლოგიურად იმის საშუალებას შექმნის, რომ ტურები „ბილიკზე“ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აიტვირთოს და გაიყიდოს“, - ამბობს ცირამუა.

ახალი ფუნქციონალი კი კომპანიას ახალ ბიზნესმოდელზე გადასვლის შესაძლებლობას შეუქმნის, რაც წლების განმავლობაში შემოსავლების ზრდისა და კომპანიის სტაბილური განვითარების საწინდარი იქნება.