22.აგვისტო .2020 17:15

სტიპენდია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის – UNWTO მომავალ ლიდერებს ეძებს

views 1419
უკან

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO) და Sommet Education-ი ტურიზმში მომავალ ლიდერებს ეძებენ. Hospitality Challenge - ასე ჰქვია ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც 30 სტიპენდია გაიცემა მსოფლიო დონის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და რომელიც გამარჯვებულებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი ცოდნა და თავიანთი პროექტები, რაც ტურიზმის სექტორის აღდგენით პროცესებს დაეხმარება.

განაცხადების მიღება დაწყებულია და ის 30 აგვისტომდე გაგრძელდება. კონკურსი ოთხ კატეგორიაში იქნება:

– ძვირად ღირებული მოგზაურობა, პროდუქტები და სერვისები;
– სასტუმროები და მასთან დაკავშირებული ოპერაციები: მცირე და საშუალო ზომის და საოჯახო ბიზნესები; 
– კვება და სასმელები: რესტორნები, სასადილოები, მიტანის და რითეილი სერვისები; 
– ე.წ ჭკვიანი უძრავი ქონება – მცირე და საშუალო ზომის და საოჯახო ბიზნესები.

განაცხადების შერჩევა  რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება, მათ შორისაა: პროექტის სრულყოფილება, გაციფრულება, განხორციელების პოტენციალი, მდგრადობა და იმის პოტენციალი, რომ დააინტერესოს ინვესტორები.

„ტურიზმის სექტორი მილიონობით ადამიანის დასაქმების წყაროა. სამუშაო ადგილები ტურიზმში უზრუნველყოფს შესაძლებლობას, გაძლიერებას, თანასწორობას, მათ შორის ქალებისთვის, ახალგაზრდებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ. მაშინ როდესაც სახეზეა ტურიზმის გადატვირთვა, დროა, ასევე, ხელახლა დავფიქრდეთ სტუმარმასპინძლობაზე და გამოვკვეთოთ და განვახორციელოთ ახალი იდეები, რათა სექტორი იყოს უფრო მეტად ინკლუზიური და მდგრადი. UNWTO-ს ინიციატივა - Hospitality Challenge სწორედ ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

კონკურსის ფარგლებში 30 ფინალისტი შეირჩევა. შერჩეულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, 15 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე უფასოდ ისწავლონ - ეს ეხება სტუმარმასპინძლობას, კულინარიას და საკონდიტრო ხელოვნების მართვას ლონდონში, ესპანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში მდებარე მსოფლიო დონის საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, რომელსაც Sommet Education-ი წარმოადგენს.

ასევე, კონკურსის ფარგლებში შერჩეული 3 ყველაზე ინოვაციური სამეწარმეო პროექტი საწყის ეტაპზე ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

დაინტერესებულებმა განაცხადი უნდა შეავსონ აქ.